უეფამ ევრო 2020-ის მასპინძელ ქვეყნებს სთხოვა - ტურნირის ჩატარება უზრუნველყონ
უეფას ხელმძღვანელობა არ აპირებს ევროპის ჩემპიონატის გადატანას კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო.
წყაროს ცნობით, უეფას წარმომადგენლებს კონსულტაციები ჰქონდათ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან კორონავირუსის გავრცელების თემასთან დაკავშირებით. მიღებული რეკომენდაციებიდან გამომდინარე, უეფას მიაჩნია, რომ შეძლებს ევრო 2020-ის დადგენილ ვადებში გამართვას. ამასთან, მასპინძელ ქალაქებში ტურნირის ჩასატარებლად შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული. რეკომენდებულია სამედიცინო ბაზების მოწყობა დაინფიცირებულთა დასახმარებლად და ფანების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
აღნიშნავენ, რომ უეფა უკვე დაუკავშირედა ტურნირის მასპინძელი ქვეყნების წარმომადგენლებს თხოვნით – უზრუნველყონ ყველა საჭირო ზომა მატჩების ჩასატარებლად.
ევრო 2020 უნდა გაიმართოს 12 ივნისიდან 12 ივლისამდე ევროპის 12 ქვეყანაში.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ რამდენიმე ქვეყანამ თხოვნით მიმართა უეფას – 2021 წლის ზაფხულისთვის გადაიტანოს ევრო 2020.