უეფა განცხადებით გამოეხმაურა ახალ ცნობებს საფეხბურთო სუპერლიგის უახლოეს მომავალში ამოქმედების შესახებ. ამ განცხადებას მხარი დაუჭირეს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ, ინგლისის პრემიელიგამ, ესპანეთისა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციებმა, ლა ლიგამ და სერია A-მ.
„შევიტყვეთ, რომ რამდენიმე ინგლისური, ესპანური და იტალიური გუნდი გეგმავს ე. წ. სუპერლიგის შექმნის შესახებ გამოცხადებას.
თუ ეს მოხდება, გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ – უეფა, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია, ინგლისის პრემიერლიგა, ესპანეთისა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციები, ლა ლიგა, სერია A, აგრეთვე, ფიფა და ჩვენი წევრი ასოციაციები ერთიანნი ვიქნებით ჩვენს ძალისხმევაში, რათა წინ აღვუდგეთ ამ ცინიკურ პროექტს, რომელიც ეფუძნება რამდენიმე კლუბის ინტერესებს იმ დროს, როცა საზოგადოებას სოლიდარობა სჭირდება ისე, როგორც არასდროს.
ჩვენ განვიხილავთ ყველანაირ დასაშვებ ზომას ყველა დონეზე – როგორც სასამართლოს, ასევე სპორტულს – რათა ეს არ მოხდეს. ფეხბურთის საფუძველში დევს პატიოსანი კონკურენცია და სპორტული ფასეულობები: სხვანაირად არც შეიძლება იყოს.
როგორც ადრე განვაცხადეთ, შესაბამის კლუბებს აეკრძალებათ ნებისმიერ ტურნირში მონაწილეობა – ეროვნულ, ევროპულ და მსოფლიო დონეზე, მათ ფეხბურთელებს კი არ ექნებათ შესაძლებლობა ითამაშონ ეროვნულ ნაკრებებში.
მადლიერნი ვართ სხვა ქვეყნის კლუბების, განსაკუთრებით, ფრანგულისა და გერმანულის, რომლებმაც უარი თქვეს ამაში მონაწილეობაზე.
მოვუწოდებთ ფეხბურთის ყველა მოყვარულს, გულშემატკივარებს და პოლიტიკოსებს – შემოგვიერთდნენ ამ პროექტის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – წერია ერთობლივ განცხადებაში.