უეფა-ში აღნიშნეს, რომ ევრო 2023-ის თითით საჩვენებელი ორგანიზატორები ვართ - ევროპული ფეხბურთის კომიტეტებში კიდევ უფრო მეტი ქართველი იმუშავებს #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა მნიშვნელოვანი სიახლე გააჟღერა – უეფა-ს კომიტეტებში კიდევ სამი ქართველი იმუშავებს, რადგან უეფა კმაყოფილია იმით, თუ როგორ მასპინძლობს საქართველო ევრო 2023-ის ფინალურ ეტაპს.
„ევრო 2023-ის სამაგალითო და თითით საჩვენებელი ორგანიზატორები რომ ვართ, ეს უეფა-მ აღნიშნა. ლევან კობიაშვილი დღეს ნიონში, უეფა-ს შტაბბინაში პირველად მონაწილეობდა უეფას აღმასკომის მუშაობაში, რომლის წევრადაც აპრილში აირჩიეს.
ამ სხდომაზეც ითქვა, რომ საქართველომ საორგანიზაციო კუთხითაც მხარი აუბა იმ სპორტულ შედეგებს, რომლითაც ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა თავი გამოიჩინა. ეს ყველამ აღნიშნა და ლევანს მადლობა გადაუხადა. ბუნებრივია, ეს გვეამაყება.
აღმასკომზე დღეს ბევრი სიახლე იყო. უეფა-ს კომიტეტები დაკომპლექტდა. აქამდე სხვადასხვა მიმართულებით უეფა-ს კომიტეტებში ხუთი ქართველი მუშაობდა. მაგალითად, ლევან კობიაშვილი ორი კომიტეტის თავმდჯომარის მოადგილე იქნება, მე დავრჩები ახალგაზრდული და მასობრივი ფეხბურთის განვითარების კომიტეტში, ხოლო ნიკა ჯღარკავა მასობრივი ფეხბურთის პანელის წევრი გახლდათ.
ახლა მათ კიდევ სამი დაემატა – ჩვენი ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი იქნება უეფა-ს იურიდიული კომიტეტის წევრი, ალექსანდრე იაშვილი უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტში იმუშავებს, ხოლო კახა ჭუმბურიძე – ეროვნული ასოციაციების კომიტეტში. მინდა, ყველა მათგანს წარმატება ვუსურვო“, – ამბობს დავით მუჯირი.