„პატივისცემა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აუტიზმის მქონე ბავშვთა ფეხბურთით მხარდაჭერისთვის“ – ასე გამოეხმაურა უეფა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ წამოწყებულ პროექტს, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა.
29 სექტემბერს, მასობრივი ფეხბურთის კვირეული გაიმართა. ამ პროქტის ფარგლებში, ბათუმში, ბულვარში აუტიზმის მქონე ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი შედგა. ფესტივალში 40 ბავშვი მონაწილეობდა, რომელთაც ფეხბურთის ფედერაციამ მაისურები და ბურთები, ხოლო გუნდებს – ასევე ბურთები და სავარჯიშო ეკიპირება გადასცა.
აუტიზმის მქონე ბავშვთა საფეხბურთი ფესტივალს, ფედერაციისა და „ვორიორსის“ ორგანიზებით, თბილისი რამდენიმე წელია მასპინძლობს, ხოლო ბათუმში წელს პირველად ჩატარდა. საფეხბურთო გუნდი „ვორიორსი“ სამი წელია დაფუძნდა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით, 6-15 წლამდე ასაკის აუტიზმის მქონე ბავშვებს სათამაშოდ პირობებს უქმნის. ბათუმში კი უკვე ორი წელია გუნდი არსებობს და აჭარის ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით, რეგულარულად ვარჯიშობს.
სფფ-ის პროგრამა უკვე მოიცავს ხუთ დიდ ქალაქს საქართველოს მასშტაბით – უახლოეს მომავალში პროექტის განხორციელება კიდევ ოთხ ქალაქში იგეგმება.