უეფა-სა და ევროპოლის თანამშრომლობა - ფეხბურთში გარიგებებთან ბრძოლისთვის #1TVSPORT
უეფა-მ (ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირი) და ევროკავშირის პოლიციის სამსახურმა (ევროპოლმა) გამოაცხადეს თანამშრომლობის დაწყების შესახებ ფეხბურთში კორუფციისა და გარიგებული მატჩების წინააღმდეგ ბრძოლაში – ნათქვამია უეფა-ს ვებგვერდზე გავრცელებულ ცნობაში.
ევროპის 49 ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციების, სამართალდამცავი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჰააგაში გამართულ კონფერენციაზე განიხილეს სამართალდამცავების და ფეხბურთის ეთიკის ოფიცრების ოპერატიული ურთიერთქმედების თემა, ასევე საეჭვო ფსონების სქემების დროული გამოვლენა.
„ორგანიზებულმა დანაშაულმა სწრაფად გააცნობიერა, რომ ბევრი კლუბი კოვიდპანდემიის გამო ფინანსურ ზარალს განიცდიდა. როცა ნაკლები ფულია, მოთამაშეები, მწვრთნელები, მსაჯები და კლუბის ოფიციალური პირებიც კი უფრო დაუცველები ხდებიან გარიგების ორგანიზატორების მაქინაციების მიმართ“, – თქვა ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული ცენტრის ხელმძღვანელმა ბურკჰარდ მიულმა.
მისი განცხადება საფუძვლიანია – უეფა-ს მიერ ამ წლის დასაწყისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ COVID-19 პანდემიის გამო ევროპულმა კლუბებმა ორი სეზონის განმავლობაში 7 მილიარდი ევრო (7,91 მილიარდი დოლარი) დაკარგეს, ძირითადად ცარიელი სტადიონებისა და ტრანსფერებიდან შემოსავლის შემცირების გამო.
ბურკჰარდ მიულმა დანაშაულების წინააღმდეგ ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზეც ისაუბრა:
„დიდ მოგებას იღებენ იმით, რომ არაპროგნოზირებადი ხდება პროგნოზირებადი. გროვდება ყალბი მატჩებისა და საეჭვო შედეგების შემთხვევები. სამართალდამცავებსა და სპორტულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა გადამწყვეტია ფეხბურთში საეჭვო შემთხვევების გამოვლენისა და გამოძიებისთვის“.