უეფა-ს წარმომადგენელი - ვფიქრობ, საქართველოში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება #1TVSPORT
უეფა-ს წარმომადგენელი - ვფიქრობ, საქართველოში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება #1TVSPORT

საქართველოში იმყოფებოდა ფრენკ ლუდოლფი, რომელიც წინანდალში უეფა-ს მწვრთნელთა განათლების პროლიცენზიის მფლობელი მწვრთნელების Refresh კურსს დაესწრო – უეფა-ს ტექნიკური განვითარების ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა საქართველოში გასამართ 21-წლამდელთა ევრო 2023-ზე და ბათუმში გასამართ მწვრთნელთა სამიტზე.

„მწვრთნელთა განათლება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მათი დონე გადამწყვეტი ფაქტორია და აუცილებელია, რომ კვალიფიკაცია მუდამ ამაღლდეს. ამისთვის კი მაღალი ხარისხის მწვრთნელთა განათლების სისტემა, თანამედროვე აზროვნება და მოქნილობაა საჭირო.

ფეხბურთის ფედერაცია ბოლო წლების განმავლობაში ამ მნიშვნელოვანი მიმართულებით ძალიან აქტიურია და დიდ ინვესტიციებს ახორციელებს, რაც სამომავლოდ სარგებელს მოუტანს ქართულ ფეხბურთს. საქართველოში გაიმართება 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი და ვფიქრობ, რომ ყველაფერი სტანდარტების შესაბამისად ჩაივლის. საინტერესო ტურნირი გველის, რომელზეც ასევე მწვრთნელთა მუშაობის შედეგს ვიხილავთ.

დღევანდელი ღონისძიება, რომელზეც საქართველოში პროლიცენზიის მქონე თითქმის ყველა მოქმედი მწვრთნელია შეკრებილი, მაგალითია იმისა, რომ ისინი მზად არიან სწავლისთვის და სურთ მომდევნო საფეხურზე ასვლა; ხვდებიან, რომ ლიცენზიის მიღების შემდეგ სწავლა არ უნდა შეწყვიტონ. პროგრამა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო.

მოუთმენლად ველით ბათუმში, უეფა-ს მწვრთნელთა სამიტზე ჩამოსვლას. უკვე გვქონდა რამდენიმე მოსამზადებელი შეხვედრა. ბათუმი შესანიშნავი ადგილია, სადაც დიდი სიხარულით მოვიწვევთ უეფა-ს 55 ასოციაციის და სხვა კონფედერაციების წარმომადგენლებს. ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა გამოცდილების გაცვლისთვის, ხოლო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის იმის წარმოსაჩენად, თუ რა ღონისძიებებს ატარებს მწვრთნელთა განათლების განვითარებისთვის“, – განაცხადა უეფა-ს ტექნიკური განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელმა.