უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი - ქართულ ფეხბურთს დიდი რეპუტაცია არ აქვს, მაგრამ კვარაცხელიასი უნდა გვჯეროდეს #1TVSPORT
უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი - ქართულ ფეხბურთს დიდი რეპუტაცია არ აქვს, მაგრამ კვარაცხელიასი უნდა გვჯეროდეს #1TVSPORT

უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტმა, პოლონეთის ფედერაციის თავკაცმა ზბიგნევ ბონეკმა Vikonos Web Radio/Tv-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, „იუვენტუსის” და „რომას“ ყოფილი ფეხბურთელი „ნაპოლის“ ახალწვეულს კარგად იცნობს.

„მე რამდენიმეჯერ ვნახე კვარაცხელიას თამაში. მას ბევრი ძალიან კარგად ახასიათებდა. თუმცა, მაღალ დონეზე გაცილებით მეტის დემონსტრირებაა საჭირო. ვფიქრობ, რომ ამ ფეხბურთელზე ნაკლებს (მედია) მხოლოდ მისი ეროვნების გამო ლაპარაკობენ“, – ამბობს პოლონური ფეხბურთის ლეგენდა.

ბონეკმა ამის მიზეზებიც ახსნა: „როცა გუნდი არგენტინელს ყიდულობს, ყველას ფენომენი ჰგონია. ამ დროს, ხშირად უღიმღამო ფეხბურთელს იღებენ. კვარაცხელიას შემთხვევაში ბევრს ეჭვი ეპარება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქართველია. მესმის, რომ საქართველოს საფეხბურთო სამყაროში დიდი რეპუტაცია არ აქვს, მაგრამ ამ ფეხბურთელის უნდა გვჯეროდეს“.

ბონეკი იყო მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი (1982), იტალიის ჩემპიონი (1982, 1984) და თასის მფლობელი (1983, 1986), ჩემპიონთა თასის (1985), თასების მფლობელთა თასის (1984) და უეფა-ს სუპერთასის (1984) მფლობელი, ორჯერ აღიარეს პოლონეთის წლის ფეხბურთელად (1978, 1982), ხოლო 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. ფიფა-მ ფეხბურთის ისტორიაში 100 საუკეთესო მოთამაშეს შორის შეიყვანა.