უეფა-ს სუპერთასი - ატლეტიკო-რეალი 4:2
უეფა-ს სუპერთასი - ატლეტიკო-რეალი 4:2

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, „ლე კოკ არენაზე“ გაიმართა უეფა-ს სუპერთასის მატჩი – ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „რეალი“ ევროპის ლიგის ჩემპიონ „ატლეტიკოს“ შეხვდა.

ამ მატჩში ანგარიში 49-ე წამზე გაიხსნა და ეს იყო ყველაზე სწრაფი გოლი ტურნირის ისტორიაში – დიეგო კოშტამ ძალიან მახვილი კუთხიდან გაიტანა. „რეალმა“ ანგარიში პირველი ტაიმის შუაში გაათანაბრა, როცა ქარიმ ბენზემამ თავით შეაგდო გარეტ ბეილის ჩაწოდების შემდეგ.

63-ე წუთზე ხულენ ლოპეტეგის გუნდმა წინ გასვლა მოახერხა მას შემდეგ, რაც სერხიო რამოსმა პენალტი გამოიყენა. 16 წუთის შემდეგ, დიეგო კოშტამ დუბლი შეასრულა და ანგარიში გათანაბრდა – 2:2.

დამატებით დროში „ატლეტიკომ“ კიდევ ორჯერ გაუტანა ნავასს – ჯერ საულ ნიგესმა გამოიყენა ტომას პარტეის პასი, შემდეგ კი კოკემ ვიტოლოს პასით აკურატულად დაარტყა – 4:2 „ატლეტიკოს“ სასარგებლოდ.

„რეალმა“ პირველად გაუშვა ერთ მატჩში ოთხი გოლი 2015 წლის 21 ნოემბრის შემდეგ. გუნდმა პირველი მატჩი ჩაატარა ზინედინ ზიდანის გარეშე. ფრანგი სპეციალისტის პერიოდში მადრიდელებს ოთხი გოლი არასოდეს გაუშვიათ.

„ატლეტიკომ“ არსებობის ისტორიაში მესამედ მოიგო ევროპის სუპერთასი. მანამდე ამ გუნდმა თასი 2010 და 2012 წლებში მოიპოვა, როცა „ინტერი“ (2:0) და „ჩელსი“ (4:1) დაამარცხა.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

რეალი: კეილორ ნავასი – დანიელ კარვახალი, სერხიო რამოსი, ვარანი, მარსელო – კროოსი (ბორხა მაიორალი, 102), კაზემირო (სებალიოსი, 76), ისკო (ვასკესი, 83) – ბეილი, ბენზემა, ასენსიო (მოდრიჩი, 57).

ატლეტიკო: ობლაკი – ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ლუკა ერნანდესი (ვიტოლო, 71) – ლემარი (პარტეი, 90+1), როდრი, საულ ნიგესი, კოკე – დიეგო კოშტა (ხიმენესი, 109), გრიზმანი (კორეა, 57).