უეფა-ს პრეზიდენტი - 24-გუნდიანი ევროპის ჩემპიონატი უფრო საინტერესოა, ევრო 2024 16-გუნდიანი რომ ყოფილიყო, საქართველოს და სლოვენიას, შეიძლება, საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადაელახათ #1TVSPORT
24-გუნდიანი ევროპის ჩემპიონატი უფრო საინტერესოა. ევრო 2024 16-გუნდიანი რომ ყოფილიყო, საქართველოს და სლოვენიას, შეიძლება, საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადაელახათ, – ამის შესახებ უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა განაცხადა.
ჩეფერინის თქმით, გამოჩნდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ნებისმიერ გუნდს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.
„24-გუნდიანი ჩემპიონატი უფრო საინტერესოა. თქვენ ნახეთ, საქართველო და სლოვენია, რომლებსაც შეიძლება, საკვალიფიკაციო ეტაპი ვერც გადაელახათ, ევრო 2024 16-გუნდიანი რომ ყოფილიყო. ამ დროს, ტურნირზე თამაშს ორივე იმსახურებდა.
ყველამ დაინახა, რომ ნებისმიერ გუნდს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. ევროპის ჩემპიონატზე 24 შესანიშნავი ნაკრები ვიხილეთ და, კიდევ ორი-სამი ნაკრების დამატებით, მსოფლიოს ჩემპიონატზე ძლიერი ტურნირი გვექნებოდა.
ფეხბურთელებიდან ჩემზე შთაბეჭდილება ბევრმა მოახდინა. მაგალითად, კვარაცხელიამ და სლოვენიელმა კარნიჩნიკმა. დარწმუნებული ვარ, მის შესახებ არაფერი გსმენიათ. ის სლოვენიის ლიგაში თამაშობს და გამორჩეული ტურნირი ჩაატარა. ასეთი კიდევ ბევრი საინტერესო მოთამაშეა“, – განაცხადა უეფა-ს პრეზიდენტმა.