უეფა-ს პასუხი კითხვებზე - ევრო 2020-ის მატჩების ბილეთების დაბრუნებაზე, ვიზებზე, სასტუმროებსა და ავიარეისებზე
უეფა-მ EURO 2020-ის ფინალური ეტაპის 2021 წლისთვის გადადო. გულშემატკივარებს, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთები შეიძინეს (მათ შორის საქართველოშიც), არაერთი კითხვა გაუჩნდთ. ამ კითხვებზე უეფა-მ პასუხები ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა.
ევრო 2020-ის მატჩების ბილეთებზე
უეფა ბილეთების პროგრამის რეორგანიზაციას ცდილობს და თუ ვინმეს ბილეთების დაბრუნების სურვილი აქვს, სრულ ღირებულებას მიიღებს. დეტალები დაიდება ვებგვერდზე https://www.uefa.com/uefaeuro-2020/ticketing/#/ და ელექტრონულ ფოსტაზე დაიგზავნება.
ვინც სასტუმროში ნომერი დაჯავშნა და შეკვეთის გაუქმება სურს
დამოკიდებულია იმაზე, ნომერი სადაა დაჯავშნული. თუ პროვაიდერს აქვს ჯავშნის გაუქმების მოქნილი პოლიტიკა, მსურველს შეუძლია დაუყოვნებლივ გააუქმოს ჯავშანი და თანხა სრულად დაიბრუნოს. სხვაგვარად გულშემატკივარი უნდა დაუკავშირდეს პროვაიდერს და ჯავშნის მოხსნის ვარიანტები გაიგოს.
ვინც თვითმფრინავის ბილეთები შეიძინა
კორონავირუსის გავრცელების ფონზე, მრავალი მსხვილი ავიაკომპანია ბილეთების უფასო გაცვლის ან დაბრუნების საშუალებას იძლევა. მსურველი უნდა ეწვიოს ავიაკომპანიის ვებსაიტს ან მეტი ინფორმაციის მისაღებად პირადად დაუკავშირდეს. ძნელია, წინასწარ განისაზღვროს, თუ როგორ განვითარდება COVID-19-თან დაკავშირებული მოვლენები და როგორ იმოქმედებს ეს მოგზაურობაზე. თუ ავიაკომპანია ბილეთების გაცვლის ან უფასოდ დაბრუნების საშუალებას არ იძლევა, მსურველი ავიაკომპანიას უნდა დაუკავშირდეს იმის გასაგებად, ბილეთების დაბრუნება რა პირობებით შეიძლება.
თუ ვიზა 2021 წელს ძალადაკარგული იქნება
ვინც განცხადება FAN ID-ზეა (გულშემატკივრის პასპორტი) შეავსო, პასუხს ელექტრონულ ფოსტაზე აუცილებლად მიიღებს. სხვა ვიზებს რაც შეეხება, მათ მფლობელს მოუწევს საელჩოსთან დაკავშირება ან შესაძლოა, ახალი ვიზის მიღება.
ვინც EURO 2020-ის მოხალისედ შეარჩიეს
ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტები ყველა მოხალისეს ელექტრონული ფოსტით უშუალოდ დაუკავშირდება.