უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი კვარაცხელიას აღიარებაზე - იმდენად შთამბეჭდავი იყო, მარადონას გავლენით, „კვარადონა“ შეარქვეს #1TVSPORT
უეფა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა წერილი გამოაქვეყნა ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა – „ნაპოლის“ გარემარბი ჯილდოს სეზონის ბრწყინვალე გარღვევის შემდეგ იღებს
„„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად უეფა-ს ტექნიკურ დამკვირვებელთა ჯგუფმა დაასახელა.
მშობლიური საქართველოს ბათუმის „დინამოდან“ იტალიაში 2022 წლის ივლისში გადასულმა 22 წლის მარცხენა გარემარბმა ყველას ყურადღება მიიპყრო, როდესაც მისი გუნდი გავიდა ევროპის უმაღლესი საკლუბო შეჯიბრის მეოთხედფინალში, სადაც „მილანთან“ დამარცხდა.
„ნაპოლის“ მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ მის შესახებ თქვა: „კვარა შესანიშნავი და საოცარია. ასაკის მიუხედავად, ის საუკეთესო ფეხბურთელია. მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი და როცა ამას მოახერხებს, სასიკვდილო, სუპერფეხბურთელი გახდება“.
ასევე განსაცვიფრებელი იყო კვარაცხელიას პირველი სეზონი სერია A-ში. ის დაეხმარა „ნაპოლის“ 1990 წლის შემდეგ სერია A-ს პირველი ტიტულის მოპოვებაში და ლიგაში სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მისი გამოსვლები იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ „ნაპოლის“ დიდი არგენტინელის, დიეგო მარადონას გავლენით, მეტსახელად „კვარადონა“ შეარქვეს“, – წერს უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი და ქართველი ფეხბურთელის სტატისტიკას აქვეყნებს.
კვარაცხელიას სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე 2022/23 წლების სეზონში
მატჩი: 9
გოლი: 2
ასისტები: 4
პასების სიზუსტე: 74,23%
დაფარული მანძილი: 76,32 კმ
მაქსიმალური სიჩქარე: 33,6 კმ/სთ
ხვიჩა კვარაცხელიას მაჩვენებლებიდან შედარებით დაბალია თამაშის დროს დაფარული მანძილი – საშუალოდ 8,4 კილომეტრი შეხვედრაში, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ სულ ჩემპიონთა ლიგაზე 700 წუთი ითამაშა, ცხრა მატჩში რვაჯერ შეცვალეს, ერთ თამაშში კი მოედანზე შეცვლაზე შევიდა.