უეფა-ს მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსს „პეტრო არენა“ მასპინძლობს #1TVSPORT
უეფა-ს მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსს „პეტრო არენა“ მასპინძლობს #1TVSPORT

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფა-ს მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის პირველი მოდული დაიწყო – ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტია.

კურსის მსმენელები ინფორმაციას იღებენ სხვადასხვა თემის შესახებ – კურსის ფილოსოფიაზე, სავარჯიშო მეთოდოლოგიაზე, სამწვრთნელო მეთოდოლოგიაზე, შეტევასა და დაცვაში თამაშის ორგანიზებაზე, მეკარის როლზე. კურსი როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილისგან შედგება.

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაშია უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. მსმენელებს სასწავლო პროგრამის შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფა-ს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.

კურსი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ექვს მოდულთან ერთად, საგამოცდო მოდულსაც მოიცავს. A ლიცენზიის კურსზე 21 მონაწილეა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენენ.

A ლიცენზიის მაძიებელ მწვრთნელებს სფფ-ის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და ტექნიკურმა დირექტორმა, ზაზა ზამთარაძემ წარმატება უსურვეს და ისაუბრეს უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კურსის მნიშვნელობაზე, რომელიც უეფა-ს მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის წინა საფეხურია.