უეფა-ს კამპანია საქართველოში - ევრო 2023-ის დაწყებამდე კლიმატის შესახებ სემინარი გაიმართება #1TVSPORT
უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, რომელსაც ზაფხულში საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ, განახლდება უეფა-ს კამპანია „სუფთა ჰაერი, უკეთესი ფეხბურთი“. უეფა-ს ცნობით, ინიციატივა მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ჰაერის დაბინძურების მავნე ზემოქმედებაზე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში ყოველწლიურად შვიდ მილიონზე მეტ ადამიანს კლავს. უეფა მოუწოდებს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებს, ეროვნულ ასოციაციებს, მოთამაშეებს, გულშემატკივრებს, მოხალისეებს, პერსონალს და ყველა დაინტერესებულ მხარეს, ჩაერთონ ამ მნიშვნელოვან პროექტში. ამისთვის ტურნირის მასპინძელ ქალაქებში ორგანიზებული იქნება მთელი რიგი ინიციატივები, რომლებიც ყურადღებას გაამახვილებს ნარჩენების მართვაზე, საზოგადოებრივი სივრცეების დასუფთავებაზე და მატჩების სანახავად ეკოლოგიური ტრანსპორტით მგზავრობაზე.
მთელი ტურნირის განმავლობაში უეფა, საქართველოსა და რუმინეთის ასოციაციებთან ერთად, ამ მიმართულებით სხვადასხვა აქციას გეგმავს. ამავე დროს უეფა და ადგილობრივი საფეხბურთო ასოციაციები მოაწყობენ სემინარს კლიმატის შესახებ. ამ პროექტებს მხარს ევროკომისია უჭერს.
„ეს მნიშვნელოვანი ტურნირი ჩვენთვის წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას, გამოვავლინოთ ჩვენი ერთგულება გარემოს დაცვისა და მდგრადობის მიმართ“, – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა.
2020 წლის დეკემბერში ალექსანდერ ჩეფერინმა ხელი მოაწერა ევროპული კლიმატის პაქტს, სადაც მან უეფა-ს სახელით პირობა დადო, რომ გამოიყენებს ფეხბურთის გლობალურ შესაძლებლობებს კლიმატის კრიზისის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. გასულ წელს უეფა-მ ასევე აიღო პასუხისმგებლობა 2030 წლისთვის ნახშირბადის წმინდა ემისიების 50 პროცენტით შემცირების, 2040 წლისთვის კი ნულოვან ნიშნულამდე დაყვანის თაობაზე.