უეფა-ს გადაწყვეტილებით, ევრო 2024-ზე „ოქროს ბუცს“ ყველა თანაბომბარდირი მიიღებს #1TVSPORT
უეფა-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევრო 2024-ზე თუ რამდენიმე ფეხბურთელი ტურნირს თანაბარი გოლების რაოდენობით დაასრულებს, „ოქროს ბუცს“ ყველა მათგანი მიიღებს და დამატებითი მაჩვენებელი გათვალისწინებული აღარ იქნება.
ამ მომენტისთვის ბომბარდირთა დავის სათავეში ექვსი ფეხბურთელია, მათ შორის, გიორგი მიქაუტაძეც. ქართველი ფეხბურთელის გარდა, ტურნირზე სამი გოლი დანი ოლმომ (ესპანეთი), კოდი გაკპომ (ნიდერლანდები), ჰარი კეინმა (ინგლისი), ჯამალ მუსიალამ (გერმანია) და ივან შრანცმა (სლოვაკეთი) გაიტანეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა. მან თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებების კარი აიღო და ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა.
გასული ევროპის ჩემპიონატი ხუთ-ხუთი გოლით კრიშტიანუ რონალდუმ და პატრიკ შიკმა დაასრულეს, თუმცა „ოქროს ბუცი“ მხოლოდ რონალდუს გადაეცა.
ევრო 2024-ის ფინალში ერთმანეთს ესპანეთი და ინგლისი შეხვდებიან, მატჩი 14 ივლისს ჩატარდება.