უეფა-ს ჟურნალი კვარაცხელიას ესაუბრა - მხრებზე ძალიან დიდი ტვირთი მაწევს, მაგრამ ამას გავუმკლავდები #1TVSPORT
უეფა-ს ჟურნალი კვარაცხელიას ესაუბრა - მხრებზე ძალიან დიდი ტვირთი მაწევს, მაგრამ ამას გავუმკლავდები #1TVSPORT

„ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია უეფა-ს ყოველკვირეულ ჟურნალთან ინტერვიუში აღიარებს, რომ ხანდახან მას ძალიან დიდი ტვირთის ქვეშ უწევს თამაში. სერია A-ში ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის გამო ხშირად ქართველს ჯორჯ ბესტსა და დიეგო მარადონას ადარებენ.

„მარადონა ნეაპოლში მეფეა. თავიდან წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ჩემი სახელის მის გვერდით დაყენება. აქ მარადონას ნამდვილი კულტია, მეგონა, სიზმარში ვცხოვრობდი, როცა შედარება გავიგე. ახლა ამას ვეგუები და ჩემთვის ასეთ დიდებულ ფეხბურთელთან შედარება სასიამოვნოა.

ბავშვობაში მიჭირდა იმის წარმოდგენა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდებოდი, ძალიან დიდი გამოწვევა იყო პატარა ქვეყნიდან ასეთ დონეზე ასვლა, მაგრამ ჩემი ამბიცია დამეხმარა, რომ ოცნებები რეალობად მექცია.

ნეაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს, იტალიის ლიგა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და მადლობელი ვარ აქ მოხვედრით. აქ არის შესანიშნავი ტემპი და მოთამაშეებს აქვთ ბრწყინვალე ტექნიკა, ისინი გამოირჩევიან თამაშის ორივე ასპექტში. ვფიქრობ, ამ სტილს სწრაფად მოვერგე.

დიდ ზეწოლასა და პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ხანდახან მხრებზე ძალიან დიდი ტვირთი მაწევს, მაგრამ ამას გავუმკლავდები. როცა მოედანზე შევდივარ, მთელი ზეწოლა ქრება. ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს – ფეხბურთს ვთამაშობ“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.