უეფა-ს 46-ე კონგრესზე გადაწყდა, რომ „ჰეთ-თრიქის“ პროგრამით ფედერაციები მაქსიმუმ 17 მილიონს მიიღებენ #1TVSPORT
ვენაში უეფა-ს 46-ე კონგრესი გაიმართა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წევრი ფედერაციის ხელმძღვანელებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.
სფფ-ს ცნობით, ავსტრიის დედაქალაქში გამართულ კონგრესს საქართველოს ფეხბურთის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ – პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და პირველი ვიცეპრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე.
უეფა-ს კონგრესამდე, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ჩატარდა, სადაც გერმანიაში გასამართი ევრო 2024-ის კალენდარი დამტკიცდა. გარდა ამისა, აღმასკომმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის და ასაკობრივი სანაკრებო ჩემპიონატების განახლებული რეგლამენტი დაამტკიცა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ უეფა-ს კონფერენს ლიგის 2023 წლის ფინალურ შეხვედრას პრაღა უმასპინძლებს.
უეფა-ს კონგრესზე ორგანიზაციის წევრი 55 ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენლებს გასული წლების ფინანსური ანგარიში წარუდგინეს, რის შემდეგაც კონგრესმა ორგანიზაციის ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა.
რაც შეეხება უეფა-ს გადაწყვეტილებებს – 2024-2028 წლებში, „ჰეთ-თრიქის“ სოლიდარობისა და განვითარების პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 21 პროცენტით იზრდება. ამრიგად, თითოეულ ასოციაციას, 4 წლის განმავლობაში მაქსიმუმ 17 მილიონი ევროს მიღება შეუძლია. პროგრამა მხარს უჭერს უეფა-ს წევრ ასოციაციებს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში და მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში.
უეფა-ს კონგრესს ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო დაესწრო და უეფა-ს პრეზიდენტ ალექსანდერ ჩეფერინთან ერთად 55 ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა. კონგრესის მიმდინარეობისას ხაზი გაესვა ქალთა ფეხბურთის მნიშვნელობას და ჩართულობის ზრდას. უეფა-ს მომდევნო, 47-ე კონგრესი 2023 წლის 5 აპრილს, ლისაბონში გაიმართება.