უეფა პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება - ფიზმომზადების მწვრთნელებისთვის ახალი პროგრამა იწყება #1TVSPORT
უეფა ქართულ ფეხბურთს ერთ-ერთი მთავარი პრობლემის, ფიზმომზადების მოგვარებაში დაეხმარება და ამ პროფილის მწვრთნელების მომზადებას დაიწყებს, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სამუშაო ვიზიტით უეფა-ს „ფიტნესი ფეხბურთისთვის” მრჩეველთა საბჭოს წევრი და სამწვრთნელო განათლების ექსპერტი ფრიც შმიდი ესტუმრა და სფფ-ის ტექნიკურ დეპარტამეტთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომიდან საქართველოში უეფა-ს ფიტნესის მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი დაიწყება. უეფა-მ წევრ ასოციაციებში აღნიშნული პროექტის განხორციელება 2024 წლიდან დაიწყო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მისი ერთ-ერთი პირველი მონაწილე იქნება.
სასწავლო პროცესი ოთხი მოდულისგან შედგება და 2025 წლის ზაფხულში დასრულდება. პირველ ეტაპზე ორგანიზატორები საგანმანათლებლო პროექტში ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის მონაწილე გუნდების და აკადემიების ფიტნესის მწვრთნელებს კურსის მიზნებზე ესაუბრნენ.
კანდიდატების კურსზე მიღების და სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, შემაჯამებელი შეფასების წარმატებით მიღების შემთხვევაში, მონაწილეებს მწვრთნელის (ფიტნესის B) საერთაშორისო ლიცენზია გადაეცემათ.