უეფა NBA-ს მიბაძავს და ფეხბურთელთა ხელფასებზე ზედა ზღვარს დააწესებს #1TVSPORT
უეფა 2021 წლის სექტემბერში გამოვა წინადადებით, რომელიც ფინანსური ფეარ პლეის წესის გაუქმებას შეეხება.
ამის ნაცვლად, უეფა აპირებს შემოიღოს ხელფასის ზედა ზღვარი, ხოლო მათთვის, ვინც ამ ზღვარს არ დაიცავს, დააწესოს ე. წ. ფუფუნების გადასახადი. ეს წესი, შესაძლოა, უკვე 2022 წლიდან ამოქმედდეს.
აღვნიშნავთ, რომ ამგვარი წესი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მოქმედებს.
ევროთასებზე მონაწილე გუნდებს უფლება ექნებათ ხელფასებზე დახარჯონ საერთო შემოსავლიდან არა უმეტეს 70 პროცენტი. გუნდები, რომლებიც ამ ლიმიტს გადაამეტებენ, გადასახადს გადაიხდიან. იმ შემთხვევაში, თუ გადამეტებული თანხა 20 პროცენტზე ნაკლები იქნება, კლუბი ვალდებული გახდება გადაიხადოს გადამატებული თანხის ექვივალენტური თანხა. თუ ზედა ზღვარს გადაცდებიან 20 პროცენტზე მეტით, კლუბებს მოუწევთ გადამეტებულ თანხაზე ერთნახევარჯერ-ორჯერ მეტის გადახდა.
დღეისთვის, ფინანსური ფეარ პლეის წესებით, კლუბებს არ შეუძლიათ დახარჯონ იმაზე მეტი, ვიდრე შემოსავალი გააჩნიათ. თანხის გადამეტება სანქციებით ისჯება, მაგალითად, ახალი ფეხბურთელეის დამატების აკრძალვით.