უეფა-მ საქართველო მაგალითად დაასახელა - მადრიდში მასობრივი ფეხბურთის კონფერენცია დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კონფერენციაში, რომელიც მადრიდში გაიხსნა.
კონფერენციის მონაწილეებს უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა და უეფას ტექნიკური განვითარების ხელმძღვანელმა ფრენკ ლუდოლფმა მიმართეს. ხაზი გაესვა მასობრივი ფეხბურთის ახალ წესდებას, რომელიც განვითარების ახალ სტანდარტებს დააწესებს.
კონფერენცია, რომელიც 2019 წლიდან პირველად იმართება, 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონფერენცია მიზნად ისახავს გამოცდილების გაცვლას და მასობრივი ფეხბურთის განვითარებისთვის სამომავლო ხედვის ჩამოყალიბებას.
კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა სტრატეგიული განვითარება იყო, სადაც საქართველოს მაგალითზე განიხილეს, თუ როგორ უნდა მოხდეს მასობრივი ფეხბურთის ინტეგრირება ფეხბურთის სტრატეგიული განვითარების გეგმაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო 6 წელიწადში საქართველოში მოთამაშეთა რაოდენობა სხვადასხვა პროექტების ხარჯზე 12-დან 38 ათასამდე გაიზარდა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, კონფერენციაზე პრეზენტაციის სფფ-ის პრეზიდენტი, ნიკოლოზ ჯღარკავა წარსდგა და სფფ-ის მიერ შემუშავებული სტრატეგიული განვითარების გეგმის შესახებ ისაუბრა, სადაც მასობრივი ფეხბურთის განვითარება ერთ-ერთ ძირითადი მიმართულებაა.
ოთხდღიან კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ სფფ-ის მასობრივი ფეხბურთის მენეჯერი თამაზ კვერნაძე და ქალთა ფეხბურთის მენეჯერი ქეთი ყიფიანი.