უეფა-მ ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციის აპელაცია არ დააკმაყოფილა - დანელ სინანი ევრო 2024-ის პლეი ოფში საქართველოსთან ვერ ითამაშებს #1TVSPORT
დანელ სინანისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნის შესახებ უეფა-მ ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციის აპელაცია არ დააკმაყოფილა და გუნდის ლიდერი ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალს გამოტოვებს, – ინფორმაციას Luxembourg Football-ი ავრცელებს.
ქართველი გულშემატკივრისთვის ეს ამბავი მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ევრო 2024-ის პლეი ოფის შეხვედრას ლუქსემბურგი 21 მარტს თბილისში, საქართველოს ნაკრებთან გამართავს. „სტ.პაულის“ 26 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ბოლო მატჩში წითელი ბარათი მიიღო, რაც პლეი ოფიდან მის ავტომატურად მოკვეთას გულისხმობს.
„უეფა-მ უარყო ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციის საჩივარი დანელ სინანის დისკვალიფიკაციის თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პლეი ოფის ნახევარფინალს და ფინალსაც გამოტოვებს.
ლიხტენშტაინის ნაკრების წევრმა სინანის უხეშობის შემდეგ სერიოზული ტრავმა მიიღო და სწორედ ამიტომ მას ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია არ შეუმცირდა“, – წერს Luxembourg Football-ი.
ესპანეთთან მიღებული ყვითელი ბარათების გამო ამ მატჩს ხვიჩა კვარაცხელიაც გამოტოვებს, მაგრამ „ჯვაროსნების“ გამარჯვების შემთხვევაში ის 26 მარტს ფინალში ითამაშებს.
ლუქსემბურგელებმა უარი მიიღეს „მონცას“ შემტევის, დანი მოტასგანაც, რომელსაც სინანის შემცვლელად მოიაზრებდნენ.