უეფა-მ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე ნომინანტები დაასახელა #1TVSPORT
უეფა-ს პრესსამსახურმა გამოაქვეყნა 2020-21 წლების სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე პრეტენდენტთა სია. კანდიდატი სამია – კევინ დე ბრუინი, ნ’გოლო კანტე და ჟორჟინიო.
გასულ სეზონში დე ბრუინმა „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად მოიგო ინგლისის პრემიერლიგა და გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ჟორჟინიო იტალიის ნაკრებთან ერთად ევრო 2020-ის გამარჯვებული გახდა, აგრეთვე მან და კანტემ „ჩელსისთან“ ერთად მოიგეს ჩემპიონთა ლიგა.
საბოლოო სიას ჟიურის წევრებს შორის ხმის მიცემით ადგენენ. ჟიურიში შევიდნენ ევრო 2020-ის მონაწილე გუნდების 24 მწვრთნელი, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის შარშანდელ გათამაშებაში მოთამაშე 80 კლუბის მწვრთნელი და უეფას 55 წევრი ქვეყნის სპორტული ჟურნალისტები.
გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს 26 აგვისტის დააჯილდოვებენ, როცა სტამბოლში გაიმართება 2021-22 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა.