უეფა-მ ევრო 2023-ის მსვლელობისას საქართველოსა და რუმინეთში საერთაშორისო კამპანია დაგეგმა #1TVSPORT
უეფა-მ ევრო 2023-ის მსვლელობისას საქართველოსა და რუმინეთში საერთაშორისო კამპანია დაგეგმა #1TVSPORT

უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში ტარდება, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ კამპანია „სუფთა ჰაერი, უკეთესი ფეხბურთი“ განაახლა და ტურნირის მასპინძელ ქვეყნებში სხვადასხვა ღონისძიება დაგეგმა.

ინიციატივა მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ჰაერის დაბინძურების მავნე ზემოქმედებაზე, რომელიც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად შვიდ მილიონზე მეტ ადამიანს კლავს.

უეფა-მ რვავე სტადიონსა და სავარჯიშო ცენტრს გადასცა „გადამუშავების კონტეინერები“ – გუნდებისთვის, ოფიციალური პირებისთვის, გულშემატკივრებისთვის, მოხალისეებისა და პერსონალისთვის, რათა ჩემპიონატში ჩართულმა პირებმა მონაწილეობა მიიღონ ნარჩენების დახარისხებაში. ნარჩენების დახარისხება და გადამუშავება ხელს უწყობს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და გადამწყვეტ როლს ასრულებს კლიმატის ცვლილებაზე.

მაყურებელს, პერსონალს, მოხალისეებსა და გუნდებს მდგომარეობის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტანა ეკოლოგიური ტრანსპორტის არჩევით შეუძლიათ. უეფა-მ და მასპინძელმა ფედერაციებმა, სოციალური მედიის საშუალებით, შეიმუშავეს აქტივობები ეკოლოგიური ტრანსპორტის გამოყენების წახალისებისთვის.

ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას უეფა-მ, საქართველოსა და რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციებთან ერთად, კამპანია ჩემპიონატის მასპინძელ ხუთივე ქალაქში დაგეგმა. დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების შესახებ ოფიციალური არხების საშუალებით გავრცელდება.

21-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისს დაიწყო და 8 ივლისს ბათუმში ფინალური მატჩით დასრულდება.