უეფა-მ ელიტრაუნდები და ასაკობრივი ტურნირები გადადო - ერთა ლიგაზე გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ
14 მარტიდან 14 აპრილამდე დაგეგმილი 17 და 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ელიტრაუდის მატჩები, ასევე ასაკობრივი გუნდების მონაწილეობით ტურნირები გაურკვეველი ვადით გადაიდო – გადაწყვეტილება უეფა-მ ახალი კორონავირუსის გამო გამოწვეული სამგზავრო შეზღუდვების შედეგად მიიღო.
საქართველოს 17-წლამდე საფეხბურთო ნაკრები 25-31 მარტს ბელგიაში ელიტრაუნდის მატჩების ჩასატარებლად უნდა ჩასულიყო (მონაწილე ქვეყნები: ბელგია, ინგლისი, რუმინეთი, საქართველო). ამავე პერიოდში საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს ელიტრაუნდის შეხვედრები საფრანგეთში უნდა გაემართა (მონაწილეები – საფრანგეთი, რუსეთი, შოტლანდია, საქართველო). მატჩების ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
რაც შეეხება ევრო 2020-ის პლეიოფის შეხვედრებს, მათ შორის, საქართველო – ბელარუსის მატჩს, რომელიც 26 მარტს თბილისში, დინამო არენაზე უნდა გაიმართოს, უეფა პლეიოფის ყველა მატჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 17 მარტს მიიღებს.
ასევე მომავალ კვირას გახდება ცნობილი, შედგება თუ არა 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები, რომელიც ასევე თვის ბოლოს არის დაგეგმილი. 26 მარტს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები თბილისში სლოვაკეთს უნდა დაუპირისპირდეს.
17 მარტს დაგეგმილი ვიდეკონფერენცია, სწორედ ამ თემებს უკავშირდება. ვიდეო კონფერნეციაში უეფა-ს წევრი 55 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის, საქართველო მიიღებს მონაწილეობას.