უეფა-მ 21-წლამდელთა ნაკრები უმწვრთნელოდ დატოვა - ცეცაძე ხუთი მატჩით დაისაჯა
უეფა-ში სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე 18 ნოემბერს საქართველოსა და სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის მომხდარი ინციდენტი განიხილეს და მისი მონაწილეები დასაჯეს.
18 ნოემბერს, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ნიტრაში სლოვაკეთს ესტუმრა და 2:3 დამარცხდა. 90+2-ე წუთზე (მასპინძლები 3:2 იგებდნენ), სლოვაკების სამწვრთნელო სტაფის წარმომადგენელმა იოზეფ სტებერმა საქართველოს ნაკრების მოთამაშეს, გიორგი კუციას აუტის ჩაწოდების საშუალება არ მისცა, ხელი ჰკრა და ბურთი წაართვა. ამან საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გია ცეცაძე გააღიზიანა და მასპინძლებთან კონფლიქტი მოუვიდა. მთავარმა არბიტრმა სლოვაკ და ქართველ მწვრთნელებს წითელი ბარათი აჩვენა, ისევე როგორც საქართველოს ნაკრების სათადარიგოებში მყოფ ირაკლი მანიას.
უეფა-ს ცნობით, სადისციპლინო კომიტეტმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე ხუთი მატჩით დასაჯა, ხოლო სამწვრთნელო სტაფის წევრი ირაკლი მანია – 1 მატჩით. სლოვაკეთის მწვრთნელ იოზეს სტიებერს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწევს. ამას გარდა, საქართველოსა და სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციები 6 750 ევროთი დააჯარიმეს. როგორც უეფა-ს გადაწყვეტილებაშია მითითებული – „არასათანადო გუნდური ქცევისთვის“.
ცეცაძის განჩინებაში მითითებულია, რომ დასჯის მიზეზი არასპორტული საქციელი და ოფიციალურ მატჩზე შეურაცხყოფა გახდა, ხოლო ირაკლი მანია არასპორტული საქციელისთვის დაისაჯა.
ამავე დროს, უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა დაადასტურა, რომ ინციდენტი სლოვაკების მწვრთნელმა წამოიწყო: „სლოვაკეთის 21 წლამდელ ნაკრების მწვრთნელს, იოზეფ სტიბერს უეფა-ს ეგიდით გამართულ სამ უახლოეს მატჩში შეუჩერდეს უფლებამოსილება, რადგან იგი მონაწილეობდა სხვა გუნდის მოთამაშეზე თავდასხმაში“ .
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ევროშესარჩევი ციკლის დასასრულებლად 2020 წელს ზუსტად ხუთი მატჩი დარჩა გასამართი. ეს იმას ნიშნავს, რომ გია ცეცაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებში ვეღარ იმუშავებს და რომ ფეხბურთის ფედერაცია იძულებული გახდება, გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელის შეურჩიოს.