„უეფა გროუს“ წარმომადგენელი - პრიორიტეტების განსაზღვრისთვის უნდა გავარკვიოთ, რა არის მნიშვნელოვანი ქართული ფეხბურთისთვის #1TVSPORT
„უეფა გროუს“ წარმომადგენელი - პრიორიტეტების განსაზღვრისთვის უნდა გავარკვიოთ, რა არის მნიშვნელოვანი ქართული ფეხბურთისთვის #1TVSPORT

საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით მყოფმა „უეფა გროუს“ წარმომადგენლებმა ფეხბურთის ფედერაციის მიერ ოთხწლიანი განვითარების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს.

დანიელ ფლეჩერი, უეფა „გროუს“ მენტორი:

„ჩართულები ვართ სამუშაო პროცესში, რათა გავიგოთ, თუ რა არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციისთვის, არამედ ქართული ფეხბურთისთვის. განსაზღვრული პრიორიტეტების ფარგლებში ვისახავთ მიზნებს, სადაც ყველაზე მეტი შესაძლებლობა გვექნება და სადაც ყველაზე დიდი მხარდაჭერის გამოხატვა შეგვიძლია. ვფიქრობ, აქ ფანტასტიკურ ადამიანებთან ვთანამშრომლობთ. ისინი, დიდი ხანია, ფეხბურთში მუშაობენ და ეს სფერო ძალიან კარგად იციან. ასე რომ, დიდ საფეხბურთო მემკვიდრეობას, საქართველოში ფეხბურთის სიყვარულს და ამ ადამიანების უნარებსა და გამოცდილებას თუ გავაერთიანებთ, ვფიქრობ, უეფა-ს მხარდაჭერასთან ერთად, შევძლებთ წარმატების მიღწევას“.

ოლექს კუჩერევი, სტრატეგიული განვითარების ექსპერტი:

„თბილისში უკვე მეორე სამუშაო შეხვედრას ვმართავთ. გვაქვს იმ ძირითადი მიმართულებების პროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ფეხბურთს ფედერაციას ქართული ფეხბურთს განვითარება სურს. დაინტერესებულ მხარეებთან კარგი კონსულტაციები გვქონდა. პოზიტიური იყო იმის ხილვა, თუ როგორ ჩართო ფედერაციამ ყველა დაინტერესებული მხარე – სპონსორები, პარტნიორები, სამთავრობო ინსტიტუტები. ასე რომ, სწორ გზაზე ვართ, გვაქვს შესანიშნავი ჩართულობა ფეხბურთის ფედერაციის სტაფის მხრიდან. ახლა მთავარი საკითხი პრიორიტეტების განსაზღვრა და უახლოესი მომავლისთვის ძირითადი მიმართულებების დადგენაა“.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოთხწლიანი განვითარების გეგმის შემუშავება 2021 წლის დეკემბერში დაიწყო. პირველი სტრატეგიული გეგმა კი, უეფა-ს ხელშეწყობით, 2016 წელს ჩამოყალიბდა. 2019 წელს კი ფეხბურთის ფედერაციამ საზოგადოებას ახალი ხედვა „მომავლის 11“ წარუდგინა.