უეფა ფედერაციებს ჩემპიონატების დასრულებას მკაცრად ურჩევს - ორგანიზაცია პროგრამა „ჰეთ-თრიკს“ არ შეაჩერებს
უეფა ფედერაციებს ჩემპიონატების დასრულებას მკაცრად ურჩევს - ორგანიზაცია პროგრამა „ჰეთ-თრიკს“ არ შეაჩერებს

21 აპრილს გაიმართა ახალი სატელეფონო კონფერენცია უეფასა და მის 55 ასოციაციას შორის. ევროპულმა ფედერაციამ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ ჩემპიონატები უნდა დასრულდეს ნებისმიერი ფორმით.

სატელეფონო კონფერენციის შემდეგ უეფამ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა.

„დღეს კონფერენციაზე უეფამ თავის 55 წევრ ეროვნულ ფედერაციას ინფორმაცია მიაწოდა მარტის შუა რიცხვებში შექმნილი ორი სამუშაო ჯგუფის მიერ განხილული ვარიანტების შესახებ. საკონკურსო პროგრამაში რამდენიმე ვარიანტი იყო, როგორც ეროვნული გუნდური შეჯიბრებების, ისე ინტერკლუბური შეჯიბრების თვალსაზრისით. ასევე განიხილეს პროგრამა „ჰეთ-თრიკი“, სადაც ევროპულმა ფედერაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვალდებულება, გადაუხადოს წევრ ფედერაციებს თანხები, როგორც ეს დაგეგმილი იყო“ – ნათქვამია ტელეკონფერენციის შემდეგ უეფას გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამავე დროს, მითითებულია, რომ უეფა ეროვნულ ფედერაციებს სეზონის დასრულებას ურჩევს.

„მკაცრად გირჩევთ, რომ დაასრულოთ შიდა ჩემპიონატები პირველ დივიზიონებში, ისევე როგორც თასის შეჯიბრებები .თუმცა, თუ ჩემპიონატი არ დასრულდება, ევროპულ შეჯიბრებებში მონაწილეობის სახელმძღვანელოს შედგენისას გათვალისწინებული იქნება რამდენიმე განსაკუთრებული შემთხვევა. ყოველივე ამის შესახებ გადაწყვეტილება გამოცხადდება ხუთშაბათს, უეფას აღმასკომის სხდომის შემდეგ“ – ვკითხულობთ უეფას განცხადებაში.