უეფა ევროპის ჩემპიონატზე მსაჯთან კამათისთვის სასჯელს გაამკაცრებს #1TVSPORT
უეფა-მ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებებს ინსტრუქციები დაურიგა და ცნობილი გახდა, რომ ტურნირზე მსაჯებთან კამათისთვის წესები გამკაცრდება.
მომავალ ტურნირზე მთავარ მსაჯთან თამაშის დროს კომუნიკაციის უფლება მხოლოდ კაპიტნებს ექნებათ. ნებისმიერი სხვა მოთამაშე, რომელიც მსაჯს მიმართავს „უპატივცემულობის ნიშნით“, ყვითელი ბარათით დაისჯება.
„კაპიტანის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, თანაგუნდელებმა პატივი სცენ მსაჯს, შეინარჩუნონ დისტანცია და როგორც უკმაყოფილების გამოხატვის დროს ხდება, ალყაში არ მოაქციონ“, – თქვა მსაჯთა კორპუსის ხელმძღვანელმა, რობერტო როზეტიმ.
თუ გუნდის კაპიტანი მეკარეა, მაშინ მსაჯთან საუბრის უფლება მიეცემა წინა ხაზში მოთამაშე ერთ-ერთ ფეხბურთელს.
ევროპის საფეხბურთო ასოციაციების მსაჯთა კავშირის დირექტორმა გუნდებს ასევე ურჩია, არ დანიშნონ მეკარეები ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული გუნდების კაპიტნად, რათა არბიტრსა და გუნდს შორის ურთიერთობა გამარტივდეს.
ევრო 2024 გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 18 ივნისს თურქეთთან დორტმუნდში ჩაატარებს.