უეფა ევრო 2022-ზე საქართველოს მოგებას ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო ისტორიად მიიჩნევს #1TVSPORT
უეფას ოფიციალური ვებგვერდი გამოეხმაურა საქართველოს ფუტსალის ნაკრების გამარჯვებას სადებიუტო შეხვედრაში, სადაც ავთანდილ ასათიანის გუნდმა გამოცდილი აზერბაიჯანის ნაკრები 3:2 დაამარცხა.
„საქართველო გახდა მეოთხე გუნდი, რომელმაც სადებიუტო ფინალური მატჩი მოიგო (1996 წლის პირველ ტურნირს თუ არ ჩავთვლით). საქართველომ მოახერხა ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ თამაშის მოგება. ეს ემოციური ზეიმით აღნიშნეს მოედანზე და ტრიბუნებზე მათმა დამხმარე პერსონალმა“, – ვკითხულობთ უეფა-ს ვებგვერდზე.
საქართველოს ნაკრების შესანიშნავი მოგება გამოარჩიეს უეფა-ს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზეც:
„საქართველომ ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩი მოიგო. ისტორიულ გამარჯვებაში გოლი ელისანდრომ, სებისკვერაძემ და თალესმა გაიტანეს. აზერბაიჯანის სასარგებლოდ ორჯერ ძლიერი დარტყმით ვილელამ გაისროლა. ეს (მიმდინარე) ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაა?“ – ასეთი კითხვა დაუსვა უეფა-ს ტვიტერის გვერდმა გულშემატკივრებს და ჩანს, რომ ამაში პოზიცია დააფიქსირა.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრა შესანიშნავი გამარჯვებით დაიწყო. ნიდერლანდებში მიმდინარე ევრო 2022 -ის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გამოცდილი მეტოქე, აზერბაიჯანის ნაკრები 3:2 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდა, მაგრამ მე-7 წუთისთვის ორბურთიანი უპირატესობით აზერბაიჯანი დაწინაურდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ამ რთულ მდგომარეობაში შეხვედრის ბედის შემოტრიალება მოახერხა – ელისანდროს, არჩილ სებისკვერიძის და თალესის გოლებით საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო შეხვედრაში ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია – 3:2.
მეორე ტურში 26 იანვარს საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, ხოლო აზერბაიჯანი – ესპანეთს.