უეფა აპირებს ჩაატაროს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი იმ 12 ქალაქში, რომლებიც წინასწარ ჰქონდა არჩეული. ტურნირი კორონავირუსის პანდემიის გამო, 2021 წლის ზაფხულისთვის არის გადატანილი.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ ორგანიზატორ ქალაქებს 30 აპრილამდე უნდა მიეწოდებინათ უეფას-თვის ტურნირში მონაწილეობის გარანტია. პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ დანიის დედაქალაქმა კოპენჰაგენმა შეიძლება უარი თქვას მატჩების მასპინძლობაზე.
„არის დიდი მოლოდინი, რომ ევრო 2020 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება. ჩვენ გვინდა ტურნირი იმავე განრიგითა და იგივე 12 ქალაქში ჩავატაროთ, – წერს უეფა-ს პრესსამსახური. – მიუხედავად ამისა, დღეისთვის კალენდარი ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ვაგრძელებთ კონტაქტს ამ საკითხთან დაკავშირებით 12-ივე ქალაქთან“.
ევროპის ჩემპიონატის მატჩებს უნდა უმასპინძლონ – მიუნხენმა, რომმა, ბაქომ, ბუქარესტმა, ბუდაპეშტმა, კოპენჰაგენმა, ამსტერდამმა, ბილბაომ, დუბლინმა, გლაზგომ, ლონდონმა და სანკტ-პეტერბურგმა.