„უდინეზეს“ და სლოვენიის ნაკრების მოთამაშე - კვარაცხელია სერია A-ს სუპერვარსკვლავია #1TVSPORT
„უდინეზეს“ და სლოვენიის ნაკრების მოთამაშე - კვარაცხელია სერია A-ს სუპერვარსკვლავია #1TVSPORT

„უდინეზეს“ და სლოვენიის ნაკრების უნივერსალმა (ნახევარმცველი, ცენტრალური მცველი) იაკა ბიოლიმ „ნაპოლის“ გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და მას სერია A-ს მთავარი ვარსკვლავი უწოდა.

„ხვიჩამ სეზონის პირველ ნახევარში საუკეთესო მონაკვეთი ჩაატარა. ახლა ის სერია A-ს სუპერვარსკვლავია, „ნაპოლი“ კი ტიტულისთვის ბრძოლაში ლიდერია. ეს მშვენიერი პერიოდია მის კარიერაში. მაგრამ ხვიჩას „უდინეზესთან“ არ უთამაშია, ამიტომ პირადად ჯერ არ მინახავს, ​​რამდენად შეუჩერებელია“, – განაცხადა ბიოლიმ.

„უდინეზეს“ მცველმა არ დამალა, რომ „რუბინიდან“ ქართველი თავდამსხმელის თამაშს ვერ იხსენებდა.

„მახსოვს თუ არა, როგორი იყო რუსული პრემიერლიგის „რუბინში“? სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მახსოვს, როგორ თამაშობდა და, საერთოდ, ხვიჩას რუსეთიდან ვერ ვიხსენებ. მაგრამ ვიცი, რასაც იტალიაში აკეთებს და ისიც, რომ სერია „ა“-ში საუკეთესოა“, – აცხადებს ბიოლი.

კვარაცხელიას ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით ჩატარებულ 20 მატჩში 9 გოლი და 10 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. კლუბი მომდევნო შეხვედრას 21 იანვარს გამართავს და სერია A-ს მე-19 ტურში თბილისის დროით 21:00 საათზე „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება.