უცნობი ქართველი - „ბრიუგეში“ სინჯებზე ვლადიმერ ჯანაშია მიიწვიეს #1TVSPORT
უცნობი ქართველი - „ბრიუგეში“ სინჯებზე ვლადიმერ ჯანაშია მიიწვიეს #1TVSPORT

ბელგიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ტიტულოვან კლუბში, „ბრიუგეში“ სინჯებზე ქართველი თავდამსხმელი ვლადიმერ ჯანაშია მიიწვიეს.

16 წლის ფეხბურთელი რუსეთში იზრდებოდა, „ხიმკის“ მოთამაშეა და ამპლუით თავდამსხმელია. თამაშის აგრესიული სტილის გამო „მტაცებელს“ უწოდებენ. ის საფეხბურთო კლუბ „ხიმკის“ აკადემიაში აღიზარდა.

2007 წელს დაბადებული ვლადიმერ ჯანაშია „ბრიუგეს“ საფეხბურთო აკადემიაში ერთი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა. ის წელს გამოიძახეს რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებში. თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთ მატჩში მოახერხა ისეთი გოლის გატანა, რომელიც შედევრად მონათლეს.

უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ რუსულ ფეხბურთში სერიოზული კრიზისია და ფიფა-უეფა-ს იზოლაციის გამო, შესაძლოა, ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებაზე ბევრი დაფიქრდეს. ჯანაშია კი ერთადერთი ქართველი არაა, რომლითაც, შეიძლება, ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები დაინტერესდნენ. მაგალითად, „როსტოვის“ სათადარიგო მეკარეა მიხეილ წულაია – 18 წლის, წარმოშობით ქართველი (დაიბადა 2005 წლის 8 თებერვალს).

მიხეილ წულაია როსტოვში დაიბადა. მაღალი (190 სმ) მეკარე როსტოვშივე იზრდებოდა და აკადემიის შემდეგ მთავარ გუნდში 17 წლის ასაკში, 2022 წელს დააწინაურეს. წულაიას საერთაშორისო გამოცდილებაც აქვს, რუსეთის 18-წლამდელთა ნაკრების მაისურით ორი მატჩი ჩაატარა. „როსტოვში“ კი სადებიუტო შეხვედრა 2022 წლის 23 ნოემბერს გამართა რუსეთის თასზე „ორენბურგის“ წინააღმდეგ. მის სატრანსფერო ღირებულებას transfermarkt-ი ჯერ 50 ათას ევროდ აფასებს.