უცხოური მედია კვარაცხელიაზე - ის ბოლო თამაშებში შეუჩერებელია #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია ივნისში საქართველოს ნაკრებს ლიდერად მოევლინა. მან სამ მატჩში სამი გოლი გაიტანა. საერთოდ, ბოლო დროს 21 წლის ფეხბურთელის სტატისტიკა შესანიშნავია.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრებში ბოლო 6 მატჩში 9 სასარგებლო ქმედება ჩაიწერა – 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემა. მან გაუტანა გიბრალტარს და გააკეთა საგოლე გადაცემა, ბულგარეთთან ასევე გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიასთან თავი კიდევ ერთი გოლით გამოიჩინა.
„კვარაცხელია ბოლო თამაშებში შეუჩერებელია. ვილი სანიოლს ქართველები დაწინაურებამდე მიჰყავს. საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალი გათამაშების გამობრწყინება გახდა. სამი ტურის შემდეგ გუნდის აქტივში სამი მოგებაა და ცხრილის სათავეში იმყოფება. მასპინძლებმა გიბრალტარი 4:0, ბულგარეთი 5:2 და ჩრდილოეთ მაკედონია 3:0 დაამარცხეს. გოლების სხვაობა 12:2 ნათლად მეტყველებს საქართველოს ნაკრების შეტევის დიდ პოტენციალზე. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ხვიჩა კვარაცხელიაა. შემტევ ნახევარმცველს სამი გოლი და ორი საგოლე გადაცემა აქვს“, – წერს ინტერნეტ-პორტალი betassist.
„კვარაცხელია „ნაპოლიშია“ და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ნაკრებში მთავარი მოთამაშეა. მისი ყურება 2022/2023 წლებში სასიამოვნო იქნება“, – წერს შვედი სპეციალისტი მარკუს ბრინგი.