უცხოური მედია და ფანები კვარაცხელიას თამაშზე - როდესაც ხვიჩა ბურთს ეხება, ხედავ, რომ ის სხვა დონეა #1TVSPORT
იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ პირველივე შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა – შეცვლაზე შესულმა (61-ე წუთზე) „ნაპოლის“ კაპიტანს, ჯოვანი დი ლორენცოს საგოლე გადაცემა მიაწოდა და გუნდს „სასუოლოს“ დამარცხებაში (2:0) დაეხმარა.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 29 წუთი ითამაშა, ხვიჩა კვარაცხელიამ მაღალი შეფაება მიიღო – Flashscore.com-ისგან 7,5 ქულა, Sofascore.com-ისგან – 7,4, ხოლო Whoscored.com-ისგან – 7.2.
იტალიური და ევროპული მედია ქართველი თავდამსხმელის წარმატებულ დაბრუნებას გამოეხმაურა.
footballnews 24 – კვარაცხელიამ შოუ სწრაფად დადგა
„ეს წლევანდელ სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ოფიციალური მატჩი იყო, რომელშიც ქართველმა სწრაფად შეასრულა გადამწყვეტი როლი – მოედანზე შესვლიდან სამ წუთში დი ლორენცოს საგოლე გადაცემა მიაწოდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ „ფროსინონესთან“ გასვლითი შეხვედრა გამოტოვა. „სასუოლოსთან“ კი მოედანზე 61-ე წუთზე, პოლიტანოს ნაცვლად შევიდა და მხოლოდ სამი წუთი დასჭირდა ახალ სეზონში პირველი შედეგიანი მოქმედებისთვის – კვარამ დი ლორენცო მეკარესთან პირისპირ დატოვა და „ნაპოლის“ კაპიტანმა ანგარიში 2:0 გახდა“.
Marca – ოსიმენმა და კვარაცხელიამ „ნაპოლის“ კიდევ ერთი გამარჯვება მოუტანეს
„კვარაცხელიამ მოედანზე შესვლიდან სამი წუთის შემდეგ შესანიშნავი პასით დი ლორენცოს გოლი გაატანინა. ამ გამარჯვებით „ნაპოლიმ“ აჩვენა, რომ წელსაც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს“.
ფანები კვარაცხელიაზე – ის უცხოპლანეტელია
ხვიჩა მოედანზე გამოჩნდა და მაშინვე შესანიშნავი საგოლე პასი შეასრულა. კვარაცხელიას თამაშს სოციალურ ქსელებში გულშემატკივრები კომენტარებით გამოეხმაურნენ:
„მაღალი კლასის პასი შესვლიდან რამდენიმე წუთში – წარმოუდგენელია“…
„როდესაც კვარა ბურთს ეხება, ხედავ, რომ ის სხვა დონეა“…
„კვარას გენიალური შემოსვლა – ბურთთან შეხებით „გაანათა“ და კაპიტანს გაატანინა – მაგარი სანახაობაა“…
„დი ლორენცო შესანიშნავია, მაგრამ კვარაცხელიას პასი ბრწყინვალე იყო“…