უცხოური გამოცემა - „ვესტ ჰემმა“ „მეცს“ მიქაუტაძის ტრანსფერში 20 მილიონი ევრო შესთავაზა - ქართველი თავდამსხმელის შეძენა ფრანგულ კლუბებსაც სურთ #1TVSPORT
„ვესტ ჰემ იუნაიტედმა“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის სანაცვლოდ „მეცს“ 20 მილიონი ევრო შესთავაზა – ინფორმაციას GiveMeSport-ი ავრცელებს.
„საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ტრანსფერით პრემიერლიგის „ვესტ ჰემიც“ დაინტერესდა და ფეხბურთელის შესაძენად „მეცს“ სოლიდურ თანხა შესთავაზა. გავრცელებული ინფორმაციით, მიქაუტაძით ასევე „მონაკო“, „ლიონი“ და „ლანსიც“ არიან დაინტერესებულნი.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ვესტ ჰემი“, რომელსაც ახლახან სათავეში ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი ჩაუდგა, თავდასხმის ხაზის გაძლიერებას შეეცდება. მიქაუტაძის გარდა, ლონდნელები სხვა ვარიანტებსაც განიხილავენ და იმედოვნებენ, რომ მიქაუტაძის შეძენის შემთხვევაში მათი შეტევის ხაზი კიდევ უფრო გაძლიერდება.
გასულ ზაფხულს მიქაუტაძე „მეციდან“ 16 მილიონ ევროდ „აიაქსში“ გადავიდა, მაგრამ ამსტერდამში თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მიეცა და იჯარით ფრანგულ კლუბს დაუბრუნდა. ლიგა 1-ის დასრულებულ სეზონში ქართველმა ფორვარდმა 13 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა მისი კლუბი საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითდა.
სეზონის ბოლოს „მეცმა“ ისარგებლა კონტრაქტში არსებული ოფციით და თავდამსხმელი „აიაქსიდან“ 10 მილიონ ევროდ გამოისყიდა. ევრო 2024-ზე შესანიშნავი თამაშის შემდეგ (მიქაუტაძემ ოთხ თამაშში სამი გოლი გაიტანა), ქართველის ფასი კიდევ უფრო გაიზარდა“, – წერს GiveMeSport-ი.
ასევე ვიტყვით, რომ, იტალიური მედიის ცნობით, „ბოლონია“, რომელმაც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა, ჯოშუა ზირკზეს შემცვლელს ეძებს და ერთ-ერთ ვარიანტად გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერსაც განიხილავს.