უჩვეულო ტრანსფერი - მეხუთე ლიგის ბომბარდირი ეროვნულ ლიგაში გადაიყვანეს
სოხუმის „დინამომ“ უჩვეულო ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, – მეხუთე ლიგის გუნდის ფეხბურთელი ლუკა სოსიაშვილი ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე „თელავის“ ფეხბურთელი გახდა – ინფორმაციას სოხუმელთა ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
სოსიაშვილი სოხუმის „დინამოში” 2018 წლიდან ირიცხება და კლუბის გამორჩეულ ფეხბურთელად ითვლებოდა. 2018 წლის სეზონში მან „დინამო”-ს მაისურით 27 მატჩი ჩაატარა და 20 გოლის გატანაც მოახერხა. 2020 წლის სეზონში, მხოლოდ 8 მატჩი გამართა და 10 გოლი გაიტანა. ჯამში ლუკამ „დინამოს” მაისურით გამართულ თამაშებში 35 მატჩში 30 გოლი ჩაიწერა.
„ჩვენი კლუბის მიზანი, სწორედ ეს გახლავთ, როგორც იყო ისტორიულად – შეგვიძლია ბევრი ფეხბურთელი გავიხსენოთ 30-ანი წლებიდან 90 წლებამდე, როდესაც სოხუმის „დინამო”ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის იყო გზა წარმატებისკენ. კლუბი ახლაც ამ მიმართულებით რომ ვითარდება და ეს გზა აქვს არჩეული, ამის ნათელი მაგალითი ლუკა სოსიაშვილის წარმატებაა. კლუბის სახელით, ვულოცავთ ლუკას კარიერულ წინსვლას და მალე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურის მორგებას ვუსურვებთ. ჩვენი კლუბი შენით მუდამ იამაყებს“, – წერია სოხუმის „დინამოს“ განცხადებაში.