უჩვეულო ისტორია - „ასტონ ვილამ“ 17.7 მილიონი ევრო გამოიმუშავა „სიტისთან“ წაგების სანაცვლოდ - იყო თუ არა ბირმინგემელთა წინააღმდეგობა ყალბი? #1TVSPORT
2021 წლის ზაფხულში „მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ტრანსფერი განახორციელა – 117 მილიონი ევრო გადაუხადა „ასტონ ვილას“ შემტევი ნახევარმცველის ჯეკ გრილიშის სანაცვლოდ. ამ ისტორიამ ბოლო ტურის წინ უცნაური განვითარება მიიღო.
ინტერნეტში ვირუსული გახდა ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ „ასტონ ვილა“ „სიტისგან“ დამატებით 17.7 მილიონ ევროს მიიღებდა, თუ გრილიში ახალი კლუბის რიგებში პირველივე სეზონში ჩემპიონობას გაიფორმებდა. ამის შესახებ მანჩესტერული კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა მიკა რიჩარდსმა განაცხადა. კლუბს არ უარყვია ეს ინფორმაცია, მაგრამ გამოცემა Anfield Central წერს, რომ ეს ამბავი, ისევე როგორც რიჩარდსის სიტყვები – ფეიკია.
მიუხედავად ამისა, მატჩის შესაძლო დათმობის შესახებ ეჭვი მართლაც გაჩნდა. 69-ე წუთისთვის „ასტონ ვილა“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ ექვს წუთში სამი გოლი გაუშვა და წააგო. „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონი გახდა.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გრილიში მინდორზე არ გამოჩენილა. საერთოდაც, მან ჩააგდო სეზონი – ექვსი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა ის არ არის, რასაც 117 მილიონ ევროდ შეძენილი ფეხბურთელისგან ელოდნენ.
მაგრამ ამ ისტორიის დაჯერება ჯერ არ ღირს, რადგან ჯერერთი, კონტრაქტის ეს პუნქტი დადასტურებული არ არის. გარდა ამისა, „ასტონ ვილას“ ეს შეხვედრა რომ მოეგო, სეზონს მე-10 ადგილზე დაასრულებდა, შესაბამისად, პრემიერლიგისგან 28.5 მილიონ ევროს მიიღებდა – 10 მილიონით მეტს, ვიდრე მე-14 ადგილისთვის მიიღო, რომელიც საბოლოოდ ამ წაგების შემდეგ დაიკავა. ასე რომ, ზედმეტი 7.7 მილიონი არ ღირდა მატჩის დათმობად.