უჩა სოსიაშვილი - ბულგარელებთან მოგებაც შეგვეძლო
უჩა სოსიაშვილი - ბულგარელებთან მოგებაც შეგვეძლო

წყალტუბოს „სამგურალი“ თურქეთში ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, უჩა სოსიაშვილმა „არდასთან“ გამართული პირველი საკონტროლო მატჩის (0:0) შესახებ ისაუბრა.

„მოსამზადებელ პერიოდში ჩვენი მიზანი გუნდის შეთამაშებაა, ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში რომ შევხვდეთ. ამ პერიოდში გამოჩნდება, რა გვსურს და მუშაობა რა მიმართულებით გაგრძელდება. ამაში ამხანაგური შეხვედრები გვეხმარება. პირველ მატჩში საკმაოდ კარგ, ფიზიკურად ძლიერ და კარგად დაბალანსებულ გუნდს ვეთამაშეთ. „არდა“ ბულგარეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა და საინტერესო მატჩი გამოვიდა. კარგად ვითამაშეთ, სამწუხაროდ, რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და გატანა ვერ მოვახერხეთ, თორემ შეგვეძლო მოგებაც და შედეგიდან გამომდინარე – თავის კარგად წარმოჩენა. ამ ეტაპზე შედეგს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი თამაშის ხარისხი გაუმჯობესებაა. ფორმაში ჯერ კიდევ არ ვართ. „არდასთან“ პირველი თამაში იყო და შესაბამისად, სასურველი ხარისხი ვერ იქნებოდა. თუმცა, მზადების ეტაპის გათვალისწინებით, ბიჭებმა თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს. იმედი მაქვს, შემდეგ თამაშებში ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდება და ჩემპიონატს ბოლომდე მზადყოფნაში შევხვდებით“, – აცხადებს უჩა სოსიაშვილი.

სამგურალის“ მწვრთნელმა კომენტარი მომდევნო ამხანაგური მატჩის შესახებაც გააკეთა: „8 თებერვალს კი უკვე მეორე ამხანაგურ მატჩს გავმართავთ ყარაღანდას „შახტართან“, რომელმაც ყაზახეთის ჩემპიონატი მეოთხე პოზიციაზე დაასრულა. ვფიქრობ, რომ ყაზახეთს საკმაოდ კარგი ჩემპიონატი აქვს. „შახტარი“ უმაღლეს ლიგაში სტაბილურად, წლების განმავლობაში ასპარეზობს. ჩვენი მეტოქე საკმაოდ კარგი გუნდია, როგორც ფინანსურად, ასევე შემადგენლობითაც. ვფიქრობ, საინტერესო მატჩი იქნება“.