„უარყოფითი რიცხვების“ პრემიერა თბილისში
„უარყოფითი რიცხვების“ პრემიერა თბილისში

რაგბის თემატიკაზე, მის ღირებულებებსა და ფასეულობებზე, ასევე სოციალურ და მენტალურ ღირებულებებზე გადაღებული ფილმის – „უარყოფითი რიცხვების“ კინოპრემიერა საქართველოში დღეს, კინოთეატრ „ამირანში“ შედგება. ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. რეჟისორია უტა ბერია.

2010 წელს საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები ეწვივნენ და სპორტულ ფედერაციებს სოციალური აქტივობების წარდგენა სთხოვეს. საქართველოს რაგბის კავშირიდან, ვეტერანმა ბორჯღალოსანმა ნონო ანდღულაძემ რამდენიმე იდეა და პროექტი წარადგინა, რომელთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანთა დაწესებულებაში რაგბის და მისი ღირებულებების შეტანა იყო.

ფილმის სიუჟეტი ასეთი გახლავთ. არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში რაგბის ვარჯიშები ინიშნება და პატიმრებში როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური გაჯანსაღება იწყება. ფილმის მთავარ გმირს, ნიკას, მოუწევს არჩევანი გააკეთოს მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის.

პროექტის განხორციელება 2011 წლიდან დაიწყო. გაეროს ბავშვთა ფონდმა ეს პროექტი საერთაშორისო კონკურსზე („სპორტს მიღმა“) წარადგინა, ბრიტანელებმა კი ამ ფაქტზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს.

ფილმის სცენარზე მუშაობა 2012 წელს დაიწყო, 2016 წელს მან კინოცენტრის განვითარების გრანტი მოიპოვა, 2017 წლის ბოლოს კი, გადაღებები დაიწყო. ფილმი გატანილი იყო ორ კინოფესტივალზე საფრანგეთსა და იტალიაში და რამდენიმე ნომინაციაში ნომინანტებს შორის მოხვდა.