უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას, „ბარსელონა“ მნიშვნელოვნად აპირებს შემადგენლობის შეცვლას, – წერს რამდენიმე ესპანური წყარო.
გაზეთ „სპორტის“ ინფორმაციით, გუნდს ნამდვილად დატოვებენ კევინ-პრინს ბოატენგი და ჯეისონ მურილიო. „ბარსელონა“ არ აპირებს მათთან იჯარის გაგრძელებას. ასევე იტყობინებიან ტომას ვერმალენისა და დუგლასის წასვლაზე, რომელთა კონტრაქტები 30 ივნისს იწურება და მათთან ახალი ხელშეკრულებები არ გაფორმდება.
გუნდის დატოვება სურს მეკარე იესპერ სილესენს, მაგრამ „ბენფიკასგან“ შეთავაზებული 12 მილიონი ევრო „ბარსელონას“ არ აწყობს – კატალონელებს 25 მილიონის მიღება სურთ. სამუელ უმტიტის კარიერის გაგრძელება ინგლისის პრემიერლიგაში სურს. ასევე „ბარსელონას“ უნდა ივან რაკიტიჩის გაშვება, რათა ხორვატში მიღებული ფულით შემაგენლობა გადაახალისოს. გარდა ამისა, შეიძლება წავიდნენ ფილიპე კოუტინიო და მალკომი, რომელთა თამაში სამწვრთნელო შტაბს არ მოსწონს.
ანდრე გომეშს, რომელიც „ევერტონში“ თამაშობს, აქვს წინადადება რამდენიმე ინგლისური კლუბისგან. ასევე არ შედიან მწვრთნელების გეგმებში რაფინია და დენის სუარესი.
„ბარსელონასთან“ დაკავშირებული მთავარი სიახლე კი ნეიმარს უკავშირდება. „ესპორტე ინტერატივოს“ ჟურნალისტ მარსელო ბეკლერის ინფორმაციით, ბრაზილიელი სულ უფრო და უფრო ახლოს არის „ბარსაში“ დაბრუნებასთან. თუმცა, გუნდში ნეიმარის მეორედ მისვლისთვის მხარეებს დიდი გზის გავლა დასჭირდებათ.