U21 | საქართველოსა და ბელგიის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩზე 30 ათასზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია #1TVSPORT
ევრო 2023-ის მეორე ტურის მატჩზე საქართველოსა და ბელგიის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის 30 ათასზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
უეფა-ს უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეხვედრაზე დასასწრები დარჩენილი ბილეთების გაყიდვა 24 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 10:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება. პარალელურად, ბილეთები იყიდება ონლაინრეჟიმში under21ticekts.ge-ზე.
„ბელგიასთან მნიშვნელოვან მატჩზე დასასწრები 30 ათასზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია. ბილეთების რეალიზაცია აქტიურად გრძელდება. მატჩის დღეს ბილეთები გაიყიდება under21tickets.ge-ზე და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 10-დან 18:00 საათამდე. მოვუწოდებ გულშემატკივარს, რომ შეიძინონ ბილეთები ონლაინრეჟიმში. დიდი მადლობა ქართველ ქომაგს ასეთი ინტერესისთვის. იმედი მაქვს, რომ წარმატებული სტარტი ბელგიასთან მატჩით გაგრძელდება და რთულ ჯგუფში წარმატების მიღწევას შევძლებთ“, – განაცხადა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა.
შეგახსენებთ, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დასწრების რეკორდი 1996 წლის ფინალში დაფიქსირდა. ბარსელონის „ოლიმპიურ სტადიონზე“ გამართულ შეხვედრას ესპანეთსა და იტალიას შორის 34 600-მა გულშემატკივარმა ადევნა თვალი. დიდი ალბათობით, საქართველო-ბელგიაზე დასწრების რეკორდი გაუმჯობესდება.
ევროპის ჩემპიონატების დასწრების რეკორდი საქართველოში ერთხელ უკვე დაფიქსირდა – 2017 წელს გამართულ 19-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 25 000 ადამიანი ადევნებდა თვალს.
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა საქართველოსა და ბელგიის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის 24 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.