U21 | რამაზ სვანაძე - შევეცდებით, საპასუხო მატჩშიც სასურველ შედეგს მივაღწიოთ #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ევრო 2025-ის პლეი ოფში ხორვატიასთან მოგებული (1:0) მატჩი შეაფასა და საპასუხო შეხვედრაში გუნდის შანსებზეც ისაუბრა, რომელიც 19 ნოემბერს რიეკაში გაიმართება.
„ძლიერი მეტოქე გვყავდა და როგორც მოსალოდნელი იყო, რთული თამაში გამოვიდა. მეორე ტაიმში კიდევ უნდა გაგვეტანა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ხორვატიაში მოგებულები ჩავალთ.
თამაშის წინ მიზნად გვქონდა, რომ ქართველი ქომაგები კიდევ ერთხელ გაგვეხარებინა, გვინდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მეორედ ვითამაშოთ. ამას ჩვენი მოთამაშეებისა და მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ხვადაგიანი და ლომინაძე საპასუხო მატჩში დაგვემატებიან. რაც შეეხება აზაროვის ტრავმას, პირველადი შეფასებით სერიოზული არ არის, მაგრამ დაველოდებით სამედიცინო შტაბის დასკვნას.
დავალებების შესრულებით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ მთლიანობაში მიზანს მაინც მივაღწიეთ და ეს მახარებს. დაძაბული და დიდი მნიშვნელობის თამაშის ფონზე ფეხბურთელების მონდომება და ნაჩვენები შედეგი დასაფასებელია.
ვიცოდით, რომ ხორვატებს დანაკლისი ჰქონდათ. ველოდით და გამოჩნდა, რომ შემადგენლობაში მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ. ჩვენ ჩვენი მიზანი გვაქვს და შევეცდებით, საპასუხო მატჩშიც სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.
ევრო 2025-ის პლეი ოფში საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებების საპასუხო შეხვედრა 19 ნოემბერს რიეკაში გაიმართება და 22:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.