ბელგიასთან ევრო 2023-ის მატჩამდე, ოფიციალური რეგლამენტით გათვალისწინებულ ვარჯიშს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საგურამოში თბილისის „ლოკომოტივის“ ბაზაზე ჩაატარებს, სადაც ტურნირის მსვლელობისას ემზადება.
ვარჯიშამდე, მატჩის მასპინძელ „დინამო არენაზე“ ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციაზე და საწვრთნელ პროცესზე (პირველი 15 წუთი) ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები დაიშვებიან.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. რამაზ სვანაძის გუნდმა, „დინამო არენაზე“, გამართულ ტურნირის გახსნით მატჩში, უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა.
ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ბელგიის წინააღმდეგ 24 ივნისს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გამართავს.
23 ივნისის განრიგი. საქართველო – ბელგია
12:00. რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია. „დინამო არენა“
17:15. ჟაკ მატეისენის პრესკონფერენცია. „დინამო არენა“
18:00. ბელგიის ახალგაზრდული ნაკრების ვარჯიში. „დინამო არენა“
18:30. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ვარჯიში. საგურამოს „ლოკო-არენა“
U21. მატჩების განრიგი
24 ივნისი. 20:00
საქართველო – ბელგია
27 ივნისი. 20:00
საქართველო – ნიდერლანდები
უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, 8 ივლისს, ბათუმი არენა უმასპინძლებს. მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა სპეციალურ ვებგვერდზე, under21tickets.ge-ზეა შესაძლებელი.