U21 | რამაზ სვანაძე - გაგნიძე ვერ დაგვეხმარება, მაგრამ ნაკრებში დარჩება, რადგან ის ჩემი გუნდის გულია #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ევრო 2023-ზე ნიდერლანდებთან მესამე ტურის მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ტრავმირებული ნიკა გაგნიძის შესახებ ისაუბრა.
„ნიკა გაგნიძე გადაურჩა ოპერაციას, მაგრამ ერთთვიანი რეაბილიტაციის კურსის გავლა მოუწევს და ევროპის ჩემპიონატზე ვეღარ დაგვეხმარება. ის ჩვენთან დარჩება, რადგან ჩემი გუნდის სული და გულია.
ბევრმა არ იცის, ნიკამ სარფიან კონტრაქტზე უარი თქვა მხოლოდ იმიტომ, რომ ნაკრებში ევრო 2023-ზე ეთამაშა. ნიკა არის ადამიანი, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო როგორც მოედანზე, ასევე ცხოვრებაში“, – განაცხადა რამაზ სვანაძემ.
21 წლის ნახევარმცველმა ევრო 2023-ზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი პორტუგალიასთან სრულად ითამაშა, ხოლო ბელგიასთან მეორე ტურში შეცვლაზე შევიდა. გორის „დილას“ კაპიტანი 66-ე წუთზე დაშავდა და მოედნიდან გავიდა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შემდეგ ჯგუფში 4 ქულით პირველ ადგილს იკავებს.
ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩს რამაზ სვანაძის გუნდი 27 ივნისს, „დინამო არენაზე“ ნიდერლანდების ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ 20:00 საათზე გამართავს. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.