U21 | ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელი - ჩვენი თამაში რისკის გარეშე წარმოუდგენელია #1TVSPORT
ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ერვინ ვან დე ლოიმ ევრო 2023-ზე საქართველოში გამგზავრებამდე პრესკონფერენცია გამართა და იაპონიასთან ამხანაგურ შეხვედრასა (0:0) და მოახლოებულ ტურნირზე ისაუბრა.
„იაპონია კარგი გუნდია. მათან თამაში გააზრებული არჩევანი იყო. შეგვეძლო აგვერჩია უფრო სუსტი მოწინააღმდეგე და ადვილად მოგვეგო, მაგრამ ხარვეზებს ვერ დავინახავდით. იაპონიასთან მატჩი ჭკუისასწავლებელი იყო, რადგან რთულ დაპირისპირებაში მეტი შევიძინეთ. თამაშის მოსაგებად არაერთი საგოლე შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ როდესაც ბურთს ვკარგავდით, ჩვენი სისუსტეები ჩნდებოდა და მეტი სისწრაფე მოგვეთხოვებოდა.
თუმცა, ეს ჩვენი თამაშის სტილია, რაც გულისხმობს მოედანზე დომინირებას და შეტევაში თამაშს, ეს კი რისკის გარეშე წარმოუდგენელია. იაპონიასთან ისიც დავინახეთ, რომ კარგი გუნდის წინააღმდეგ ბურთის ძალიან კარგი ფლობა რთულია, საამისოდ რგოლებს შორის ყველაფერი კარგად კოორდინირებული უნდა იყოს. თუ ამას არ გააკეთებ, შეიძლება ბურთის დაკარგვისას მეტოქემ ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაგაგდოს, მაგრამ ჩემს გუნდში ეჭვი არ მეპარება.
გვყავს რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც ზედმეტები არ იქნებიან არც ეროვნულ ნაკრებში და მით უფრო – არც ახალგაზრდულში ევროპის ჩემპიონატზე. მათ დაბრუნებას მოუთმენლად ველით. ვფიქრობ, ჩვენ კარგი შემადგენლობა გვყავს. ბუნებრივია, შემადგენლობა ეროვნული ნაკრების მწვრთნელთან, რონალდ კუმანთან კონსულტაციის შემდეგ დავასახელეთ. ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ფინალისთვის ემზადება და, რა თქმა უნდა, მისი ინტერესი პრიორიტეტულია, მაგრამ კარგია, რომ ამ საკითხებზე ვთანამშრომლობთ.
ჩვენი ყველაზე დიდი დანაკლისი ჯერემი ფრიმპონგია (ლევერკუზენი). მას შემდეგ, როდესაც ის ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში არ მიიწვიეს, ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშიც არ ისურვა. რა თქმა უნდა, ვწუხვართ, მაგრამ ვფიქრობ, ფრიმპონგის გარეშეც ევროპის ჩემპიონატზე კარგი ნაკრები გვეყოლება“, – ამბობს ერვინ ვან დე ლოი.
ნიდერლანდების ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში საქართველოს მეტოქეა და სამივე მატჩს თბილისში ჩაატარებს – ბელგიასთან 21 ივნისს („მიხეილ მესხი“ – 20:00) გამართავს, პორტუგალიასთან 24 ივნისს („მიხეილ მესხი“ – 20:00) და საქართველოსთან 27 ივნისს („დინამო არენა“ – 20:00).