U21. ისრაელის ნაკრების მცველი - საქართველოსთან მატჩისთვის ფსიქოლოგიურად სრულ მზადყოფნაში ვართ #1TVSPORT
U21. ისრაელის ნაკრების მცველი - საქართველოსთან მატჩისთვის ფსიქოლოგიურად სრულ მზადყოფნაში ვართ #1TVSPORT

საქართველოსთან ევრო 2023-ის მეოთხედფინალამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ისრაელის ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, გაი ლუზონთან ერთად, გუნდის ფეხბურთელი, თელ-ავივის „აპოელის“ ცენტრალური მცველი სტავ ლამკინი იმყოფებოდა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ნახევარფინალში ითამაშებს.

„გულშემატკივარი ფეხბურთის ნაწილია. ისრაელის ნაკრების ფეხბურთელების უმეტესობამ წელს სავსე სტადიონების წინაშე ბევრჯერ ითამაშა. ვფიქრობ, სასიამოვნოცაა ის ფაქტი, როდესაც სტადიონზე ხალხმრავლობაა. საქართველოსთან მატჩისთვის კი ფსიქოლოგიურად სრულ მზადყოფნაში ვართ.

არ აქვს მნიშვნელობა, ვისთან ვითამაშებთ. ჩვენი მიზანია, საკუთარი ფეხბურთი ვაჩვენოთ და ისრაელის ნაკრებმა მიზანს მიაღწიოს. ამიტომ მიმაჩნია, რომ მზად ვართ ნებისმიერი სტილის ნაკრებთან ასპარეზობისთვის.

რაც შეეხება დაღლილობას, ისრაელში ნებისმიერი ადამიანი სიამოვნებით დაიკავებდა ჩვენს ადგილს. მჭიდრო გრაფიკის გამო არ ვწუწუნებთ. ოლიმპიადაზე გასვლისთვის 20 შეხვედრის ჩატარება რომ მოგვიხდეს, ყველას ვითამაშებთ. საქართველოში ჩამოსული ჩვენი ოჯახის წევრებიც ძალასა და ენერგიას გვაძლევენ“, – ამბობს სტავ ლამკინი.

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები A ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ევრო 2023-ის მეოთხედფინალში C ჯგუფის მეორეადგილოსანს, ისრაელს 1 ივლისს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაუპირისპირდება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.