U21 I საზონოვი და დავითაშვილი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს #1TVSPORT
საბა საზონოვი და ზურიკო დავითაშვილი ევრო 2023-ის მესამე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ, – ტურის რჩეული 11 ფეხბურთელი პორტალმა sofascore-მა შეარჩია.
საბა საზონოვმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ნიდერლანდებთან დაცვაში საიმედოდ ითამაშა და 7,7 ქულა დაიმსახურა. დავითაშვილმა კი ინდივიდუალური გარღვევის შედეგად გატანილი ულამაზესი გოლით მთავარი როლი ითამაშა რამაზ სვანაძის გუნდის წარმატებაში. მას 7,9 ქულა დაუწერეს.
21-წლამდელთა ევრო 2023-ის ჯგუფური ეტაპი გუშინ დასრულდა. საფრანგეთმა, ისრაელმა და შვეიცარიამ მეოთხედფინალის ბოლო სამი საგზური მოიპოვეს და საქართველოს, ინგლისს, საფრანგეთს, პორტუგალიას, ესპანეთსა და უკრაინას შეუერთდნენ.
სიმბოლურ ნაკრებში ფრანგი ახალგაზრდები დომინირებენ. რჩეულებში მათი ოთხი მოთამაშე მოხვდა. შემდეგ მოდის საქართველო და ნორვეგია ორ-ორი ფეხბურთელით. ხორვატიასთან კარის „მშრალად“ შენარჩუნების შემდეგ ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტული რუმინელთა მეკარემ, სტეფან ტარნოვანუმ მოიპოვა.