U21 I საქართველოში, შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატზე დასწრების რეკორდი გაუმჯობესდეს #1TVSPORT
ევრო 2023-ის გახსნის მატჩს საქართველოსა და პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის, ოფიციალური მონაცემებით, 24 425 მაყურებელი დაესწრო, რაც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დასწრების რეკორდი 1996 წლის ფინალში დაფიქსირდა. ბარსელონას ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ შეხვედრას ესპანეთსა და იტალიას შორის 34 600 გულშემატკივარმა ადევნა თვალი. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი იტალიამ 4:2 მოიგო.
დიდი ალბათობით, საქართველო-პორტუგალიას 24 425-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო, რადგან ეს პირველ ტაიმში დაფიქსირებული სტატისტიკაა. სტადიონის ტურნიკეტები მაყურებელს სწრაფად ვერ ატარებდა და ხალხი „დინამო არენაზე“ მეორე ტაიმის დაწყების შემდეგაც შედიოდა.
პორტუგალიასთან გამარჯვებით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშისადმი ინტერესი ისე გაიზარდა, დიდია ალბათობა, რომ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის რეკორდი 24 ივნისს დამყარდეს. ამ დღეს რამაზ სვანაძის გუნდი „დინამო არენაზე“ ევრო 2023-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს ბელგიის წინააღმდეგ 20:00 საათზე გამართავს.
U21 I მატჩების განრიგი
24 ივნისი. 20:00
საქართველო V ბელგია
27 ივნისი. 20:00
საქართველო V ნიდერლანდები
უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს „ბათუმი არენა“ უმასპინძლებს. მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა სპეციალურ ვებგვერდზე, under21tickets.ge-ზეა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატების დასწრების რეკორდი საქართველოში დაფიქსირდა. 2017 წელს გამართულ ტურნირზე საქართველო-ჩეხეთის შეხვედრას „მიხეილ მესხის“ სტადიონზე 25 000 ადამიანი ადევნებდა თვალს.