U21 I რამაზ სვანაძე - შევეცდებით, ოლიმპიადის საგზური მოვიპოვოთ #1TVSPORT
ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში ნიდერლანდების ნაკრებთან მატჩის შემდეგ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ „დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე განვლილი მატჩი და ეტაპი შეაფასა.
„გილოცავთ, ისტორიულ შედეგს! პირველ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში ვარ, თან პირველი ადგილით. ამისთვის მადლობა ჩემს სტაფს, ბიჭებსა და გულშემატკივრებს.
ურთულესი პირველი ტაიმი იყო. ნიდერლანდებმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია, მაგრამ, ჩემი აზრით, ჯგუფში საუკეთესო გუნდი იყო. ამ შეხვედრაში თავი იჩინა დაღლილობამ, მაგრამ გამოჩნდა ამ თაობის მენტალობა და მიმაჩნია, რომ ამ თაობას ბევრი შეუძლია.
ჩვენდა სასახელოდ, ბიჭებმა მოახერხეს მეტოქისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა და შედეგის ჩვენება. რეალურად, პორტუგალია იყო ის ნაკრები, რომელსაც ყველაზე კარგად ვიცნობდით. ნიდერლანდები და ბელგია კი ეროვნული გუნდიდან სერიოზულად გაძლიერდა. მათ შესარჩევში და ევროპის ჩემპიონატზე სულ სხვა ფეხბურთი ითამაშეს. ამიტომ გაგვიჭირდა.
ჩენი მოთამაშეების ფიზიკური მდგომარეობა არ არის ასეთი ინტენსიობის თამაშისთვის საკმარისი. ამიტომაა ჩენი ბიჭების მონდომება დასაფასებელი, მით უფრო ჯგუფში პირველზე გასვლა.
მეოთხედფინალში გასვლას რაც შეეხება – ეს კარგია, მაგრამ უკან არასოდეს ვიხედებით. ოლიმპიადაზე მოხვედრა კი ყველას ოცნებაა და შევეცდებით, ეს საგზური მოვიპოვოთ, – ამბობს რამაზ სვანაძე.
A ჯგუფში რამაზ სვანაძის გუნდი პირველ ადგილზე გავიდა და ევრო 2023-ის მეოთხედფინალში პირველ ივლისს „დინამო არენაზე C ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება.