U21 I რამაზ სვანაძე - გვაქვს კოზირები, რომლის გამოყენებასაც ისრაელთან შევეცდებით #1TVSPORT
ევრო 2023-ის მეოთხედფინალში ისრაელთან მატჩამდე საქართველოს 21-წლამდელთ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, რთულ თამაშს ველოდებით – ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში სხვაგვარად წარმოუდგენელია. ისრაელი ასაკობრივ ნაკრებებში წარმატებული გუნდია, მაგრამ მთავარია, შევინარჩუნოთ გუნდურობა და სათამაშო დისციპლინა, რაც წინა მატჩებში გამოგვარჩევდა.
მეოთხედფინალში გუნდი შემთხვევით ვერ გავა. გამოსარჩევია მათი გუნდურობა. მივიღეთ ის მეტოქე, რომელმაც ჯგუფიდან გასვლა დაიმსახურა. სამწუხაროდ, ისრაელთან გორში ამხანაგური მატჩი წავაგეთ, მაგრამ ახლა სხვა თამაში იქნება, ჩვენც გვაქვს კოზირები, რომლის გამოყენებასაც შევეცდებით.
მნიშვნელოვანია, რომ აღდგენისთვის დრო გვქონდა. ვიმეორებ, ჩვენი გუნდი ასეთი გრაფიკით თამაშისთვის მზად არ იყო და ნიდერლანდებთან ზოგიერთ ფეხბურთელს დაღლილობა დაეტყო. ახლა კი აღსადგენად დრო გვქონდა და შემიძლია ვთქვა, რომ ისრაელთან მატჩისთვის მზად ვართ.
პირველად ვართ ევროპის ჩემპიონატზე და მეოთხედფინალში გავედით. ცხადია, ეს განწყობაზე აისახება. ჩვენ მეორე ნომრად ვთამაშობთ, მაგრამ მთავარია, ერთად მივაღწიოთ იმ შედეგს და რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ის ბედნიერება, რომელიც ახალგაზრდული ნაკრების გამოსვლითაა გამოწვეული.
მოლოდინებს რაც შეეხება – ჩვენ ყველა თამაშზე უნდა დავამტკიცოთ, რომ მოლოდინების გამართლება შეგვიძლია. დიდი ხანია, ჩვენი ფეხბურთის გარშემო ასეთ ერთიანობა არ გვინახავს. ჩემი მუშაობის პერიოდში პირველად ხდება, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფავორიტია. ჩვენი ვალია, ეს მოლოდინი გავამართლოთ“, – ამბობს რამაზ სვანაძე.
A ჯგუფში რამაზ სვანაძის გუნდი პირველ ადგილზე გავიდა და ევრო 2023-ის მეოთხედფინალში C ჯგუფის მეორეადგილოსან ისრაელს პირველ ივლისს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდება.