U21 I რამაზ სვანაძე - დაღლა გვერდზე უნდა გადავდოთ და ჩვენს მიზანზე ვიფიქროთ #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდების ნაკრებთან მატჩამდე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„რთულ თამაშს ველოდებით. მიზნამდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა, თუმცა მისი გადადგმა ყველაზე რთული იქნება. შევეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ და ხალხი ისევ გავახაროთ.
ნიკა გაგნიძე, სამწუხაროდ, ვერ დაგვეხმარება. მისი ჩანაცვლება ახლა შეუძლებელია და დავრჩებით იმავე შემადგენლობით, ვიმოქმედებთ ვითარებიდან გამომდინარე. ყოველთვის გვაქვს გეგმა B, ბელგიასთან თამაში ამის ხარჯზე გადავარჩინეთ. ეს დიდი გამოცდილება იყო გუნდისთვის. ევრო 2023-ზე ყოფნა ჩვენთვის სიამოვნებაა და ასევე უნდა გავაგრძელოთ გამოსვლა.
ტურნირი ძალიან დამღლელი გრაფიკით მიმდინარეობს, რაც ფიზიკურად და მენტალურად რთულია, მაგრამ დიდი შანსი გვაქვს, პლეი ოფში მოვხვდეთ. დაღლა გვერდზე უნდა გადავდოთ და ჩვენს მიზანზე ვიფიქროთ.
ტაქტიკურად და ინდივიდუალურად ჯგუფში სამივე მეტოქე ძლიერია. ბევრ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე უთამაშია, თუმცა ჩვენ გეგმა გვაქვს და ამის მიხედვით უნდა ვითამაშოთ მესამე შეხვედრაშიც. მაქსიმუმის მიღწევა და ხალხის გახარება გვსურს, რომელიც მუდამ გვერდით გვიდგას“, – ამბობს რამაზ სვანაძე.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შემდეგ ჯგუფში 4 ქულით პირველ ადგილს იკავებს.
ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩს რამაზ სვანაძის გუნდი 27 ივნისს, „დინამო არენაზე“ ნიდერლანდების ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ 20:00 საათზე გამართავს. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.